პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ვატო შაქარიშვილმა, ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტია აქტიურად მუშაობს საარჩევნო პროგრამაზე და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
„აქტიურად ვმუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე. ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, გურულებო. ვემზადებით 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ძალიან გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო ნატოსა და ევროკავშირის მიმართ პარტიის კრიტიკულ შეფასებებს, ხოლო გურიის რეგიონისა და ქვეყნის წინაშე არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე შედარებით ნაკლებად ისაუბრეს.
კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებდა საზოგადოებაში და მედიაში გავრცელებულ მოსაზრებებს, რომ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პარტიად მიიჩნევა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა:
„რას საუბრობენ, ეს ნაკლებად მაინტერესებს. ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ოპოზიციური პარტია და არა ის ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესების მსახურებით არიან დაკავებული.“
შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონული ოფისი გაიხსნა. პარტიის გურიის რეგიონულ ორგანიზაციას ვასილ გობრონიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ოფისის მენეჯერად რუსო მემარნიშვილი დაინიშნა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე მათგანი წარსულში „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო. ამასთან, რუსო მემარნიშვილი თვითმმართველობის ერთ-ერთ არჩევნებზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიითაც იყო წარდგენილი.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შეხვედრა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის მეორე სართულზე გაიმართა.
The post „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ ოზურგეთში რეგიონული ოფისი გახსნა და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო appeared first on გურია ნიუსი.