სიახლე

“უფეხო ხვლიკი მოიტეხს ფეხს” _ მამათში დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ

GuriaNews

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაცია გრძელდება, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ყველა დაზიანებულ გზას ერთნაირი ყურადღება არ ექცევა. ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს. მერიისვე ცნობით, რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მისმა მოადგილემ თორნიკე ტიკაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ […] The post “უფეხო ხვლიკი მოიტეხს ფეხს” _ მამათში დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაცია გრძელდება, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ყველა დაზიანებულ გზას ერთნაირი ყურადღება არ ექცევა.

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს.

მერიისვე ცნობით, რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მისმა მოადგილემ თორნიკე ტიკაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ სოფელ მამათში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულეს.

ირკვევა, რომ სამუშაოები რეგიონში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 390 000 ლარით დაფინანსდა.

“გზის აღნიშნული მონაკვეთი სტიქიის შედეგად დაზიანდა და გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შიდა გზების რეაბილიტაცია. სამუშაოები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად გრძელდება“, _ უწყება საკუთარ ფეისბუქგვერდზე ალექსანდრე სარიშვილის კომენტარს ავრცელებს.

მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბევრი მოქალაქე დადებითად აფასებს, თუმცა, მამათის მცხოვრებთა ნაწილი ხელისუფლებას სოფელში კიდევ ერთი გზის მდგომარეობაზე მიუთითებს და მის აღდგენას ითხოვს.

საუბარია კაპროვანი-კონჭკათის უბნების დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც, ადგილობრივების თქმით, სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა და დღეს იქ, ფაქტობრივად, საცალფეხო ბილიკიც აღარ დარჩენილა.

“ნეტა რომელ მამათში აკეთებენ გზას. სამ ადგილას რომ ამოჭრეს ასფალტი, ეგაა გაკეთება? მამათის სკოლას რომ გაცდები და სასაფლაოსკენ მიდიხარ, აი, მაგ გზას თუ ეშველება რამე?

კაპროვანი–კონჭკათის უბნებში უფეხო ხვლიკი მოიტეხს ფეხს. მანქანა კი არა, ტრაქტორი ვეღარ დადის. პაწა აქეთ მოიწიეთ და აქეთ გადაიღეთ ფოტოები“, _ მიმართავს ლანჩხუთის მერიას გიორგი ჩავლეიშვილი.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს გზა ადგილობრივი მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მარშრუტი იყო.

ირაკლი ჩავლეიშვილი წერს, რომ კაპროვანი-კონჭკათის დამაკავშირებელ გზას ადრე ნესტორ მალაზონიას გზას უწოდებდნენ და მისი აღდგენა სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხია:

“ეგებ მამათის ორი უბნის დამაკავშირებელი გზაც აღადგინონ _ კაპროვანისა და კონჭკათის გზაც, ადრე ნესტორ მალაზონიას გზას უწოდებდნენ, მთელი სოფელი ბედნიერი იყო.

მაგ გზიდან უმოკლესი მანძილი იყო მდინარე სუფსის გასწვრივ დათესილი სიმინდის ყანებიდან კაპროვანი–კონჭკათის ბრიგადებისთვის მოწეული სიმინდის მოსავლის ამოსატანად და ოჯახებში დასაბინავებლად.

ახლა კი, სტიქიით დაზარალებული გზიდან, საცალფეხო ბილიკიც კი არ დარჩა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ბიუჯეტში ამ გზის აღდგენა. პრომეთეოს შევარდნაძემ და ბაბუაჩემმა, ნესტორ მალაზონიამ, ეს გზა თავის დროზე, სამოცდაათიან წლებში, ააშენეს და ხალხიც კმაყოფილი იყო“, _ წერს ირაკლი ჩავლეიშვილი.

გზის მდგომარეობაზე საუბრობს როზა მეგრელიშვილიც:

“ნამდვილად ასეა. გზა, რომელიც სამ ბრიგადას აკავშირებდა, აღარ არსებობს. დააზიანა და სრულიად გაანადგურა.

პატივისცემით მოვიგონოთ ის ადამიანები, რომლებმაც საშვილთაშვილო გზა დაგვიტოვეს.

ვითხოვთ კომისიას, შეამოწმონ, რა მდგომარეობაა უბნის, კონჭკათ–კაპროვანიას ღელეზე. ეს სოფლის მოთხოვნაა!” _ წერს როზა მეგრელიშვილი.

კაპროვანი-კონჭკათის უბნების დამაკავშირებელი გზის საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” კომენტარისთვის მამათის მაჟორიტარ დეპუტატს ლანჩხუთის საკრებულოში, გელა პატეიშვილს დაუკავშირდა.

როგორც გელა პატეიშვილთან სატელეფონო საუბარში გავარკვიეთ, აღნიშნული მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია დაგეგმილია, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ იდეის დონეზე:

“დაგეგმილია და აუცილებლად მოხდება ამ გზის რეაბილიტაცია“, _ გვითხრა სოფლის მაჟორიტარმა.

კონკრეტულ ვადებზე გელა პატეიშვილი ამ ეტაპზე ვერაფერს ამბობს.

ამგვარად, მამათში ერთი გზის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს, მეორე გზის აღდგენა კი, ჯერჯერობით, დაპირების დონეზე რჩება. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მათთვის გზას მნიშვნელობა მაშინ აქვს, როცა მასზე გავლა და გადაადგილება რეალურად შესაძლებელია.

The post “უფეხო ხვლიკი მოიტეხს ფეხს”  _ მამათში დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი