სიახლე

„ურეკს სანიაღვრე სისტემა არ აქვს, რაც უდიდესი პრობლემაა“_ უხვი ნალექი ზღვისპირა კურორტზე

GuriaNews

18 აგვისტოს, გამთენიისას, გურიის ზღვისპირა კურორტ ურეკში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც ქალაქის ცენტრალური ქუჩები დატბორა. _ დილაადრიან გავედი ზღვის სანაპიროზე. ზღვა ძალიან მშვიდი იყო, ამინდი _ მოღრუბლული. თუმცა, უეცრად წამოვიდა კოკისპირული წვიმა და ქალაქი ნიაღვრებით აივსო. დაიტბორა თითქმის ყველა შენობის პირველი სართული. ეს არის იმ უკუღმართად გაკეთებული პროექტის ბრალი, რომელიც ხუთი წლის წინ დაიგეგმა და […] The post „ურეკს სანიაღვრე სისტემა არ აქვს, რაც უდიდესი პრობლემაა“_ უხვი ნალექი ზღვისპირა კურორტზე appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

18 აგვისტოს, გამთენიისას, გურიის ზღვისპირა კურორტ ურეკში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც ქალაქის ცენტრალური ქუჩები დატბორა.

_ დილაადრიან გავედი ზღვის სანაპიროზე. ზღვა ძალიან მშვიდი იყო, ამინდი _ მოღრუბლული. თუმცა, უეცრად წამოვიდა კოკისპირული წვიმა და ქალაქი ნიაღვრებით აივსო. დაიტბორა თითქმის ყველა შენობის პირველი სართული. ეს არის იმ უკუღმართად გაკეთებული პროექტის ბრალი, რომელიც ხუთი წლის წინ დაიგეგმა და გახორციელდა. საფეხმავლო ბილიკები მაღლა ასწიეს ორივე მხარეს, ქუჩა კი დაბლა დარჩა და უხვი ნალექისთანავე ყველა ობიექტი იტბორება, რაც ქუჩაზეა, _ გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა ლალი თავართქილაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულად ვინმეს ბრალეულობაზე არ საუბრობს. მისი თქმით, საუბარია უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოზე და ასეთი პროექტი პროფესიონალმა არ უნდა გააკეთოს.

_ ეს პროექტი საშინელ ხაზს შეიცავს. წარმოიდგინეთ, ქუჩის ორივე მხარეს აწეული ბილიკებია. ასევე რაღაც ცემენტის ბურთები დადგეს. გეგონება, სპეციალურად არხის სახე მისცეს ქუჩას. ხანგრძლივი წვიმები სულაც არ არის საჭირო, რომ აქაურობა დაიტბოროს. გაწვიმდა თუ არა, ქუჩაზე მდებარე ყველა სახლი თუ სავაჭრო ობიექტი, რომელიც პირველ სართულზეა, წყლით აივსო და დაიტბორა. ეს ყველას ბრალია, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა და მე რომელიმე კონკრეტული პირის ბრალეულობას არ გამოვყოფ. მინდა, კარგად იყოს გაკეთებული და მორჩა. ეს საქმე და ამბავია? მაშველებსაც ძალად ექმნებათ დაბრკოლება. თავისი საქმე არ ჰყოფნით, რომ ერთი წვიმის მოსვლაზე ჩვენც ვეძახოთ და პირველი სართულის ფართები წყლისგან გაათავისუფლონ? კომიკური სიტუაციაა. მერის წარმომადგენელი დათო რობაქიძე საუკეთესო ადამიანი და საჯარო მოხელეა. სულ დარბის, ყოველთვის, ცუდ ამინდში, დილაუთენიიდან შუაღამემდე და ხანაც დილამდე არ შორდება აქაურობას, მაგრამ რა ქნას? მას კი არ გაუკეთებია ეს საშინელი პროექტი. ხელისუფლებამ რაღაც უნდა იღონოს აქ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კიდევ კარგი, სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ და სასწრაფოდ მოვიდნენ. დილიდანვე შეუჩერებლად იმუშავეს და წყალს ტუმბავდნენ. ძალიან მადლიერი ვარ, თორემ ყველაფერი გამიფუჭდებოდა. იქით ჩემი შვილი ცხოვრობს. მასთან დიდია ზარალი, _ თქვა ქალბატონმა ლალიმ.

ურეკში სხვა ადგილობრივი მცხოვრებლებიც ამბობენ, რომ საფეხმავლო ბილიკის არასწორად აწევამ ქუჩა ჩიხში მოაქცია.

_ იქ შემაკავებელი ცემენტის ბურთების განთავსებაც ხომ ამ უკუღმართი პროექტის კულმინაცია იყო, _ ამბობენ ადგილობრივები, _ ყველა ობიექტი დაბლა, ჩიხში აღმოჩნდა. ვინ მოიფიქრა და შეუკვეთა ეს პროექტი? არ ვიცით და არც გვაინტერესებს. ვინმეს კი არ ვებრძვით. რომელი ხელისუფალი ეტყოდა ვინმეს, ცუდად გააკეთეო. რომ ჩაიბარეს, ვინც ჩაიბარა, მოეწონა? რა არის ეს? მეხუთე წელია, ასეთი ამბავია, _ გვეუბნებიან ისინი.

ვახტანგ მეგრელიშვილი, ურეკის მკვიდრი:

_ აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ურეკს არ აქვს სანიაღვრე სისტემა. ნალექი იმდენი იყო, არსებულმა არხებმა ვერ გაატარა. ჩემთან, სახლის უკან, არხი გადის, მაგრამ გამტარიანობა საერთოდ არ აქვს. ახლად აშენებული სახლი მაქვს. ჩემს გვერდით ჩემი ძმა ცხოვრობს. მასაც დაუტბორა სახლი. სანიაღვრე სისტემა აქ საერთოდ არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა. თან ურეკში. კი, ბატონო, გაკეთდა და არის კანალიზაცია, ასევე წყალი ცენტრალიზებულია. გაზიფიცირებაცაა და ეს ძალიან კარგია. თუმცა, ვიმეორებ, ურეკში უსერიოზულესი პრობლემაა ის, რომ არ არსებობს თანამედროვე, სრულყოფილი სანიაღვრე სისტემა.

დილიდან კოკისპირული წვიმა იყო. კიდევ კარგი, გადაიღო. მთელი დღე რომ ეწვიმა იმ სიხშირით, რაც უჩვეულო სულაც არ არის ზღვისპირა კურორტისთვის, მაშინ საშინელება მოხდებოდა. ყველამ იცის, კლიმატი რა დღეშია მთელ მსოფლიოში. მუდამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ახლა გადაიღო, მაგრამ გუბეებია. როცა ძლიერად გაწვიმდება, როცა პატარა არხები წყლის ნაკადებს ვერ იტევს, გარემო ირგვლივ გუბეებით ივსება. საშინელი სანახავია. მაღალ დონეზე უნდა მოხდეს ამის განხილვა.

ერთი ნაკვეთი მაქვს მოშორებით, იქ სულ ტბაა. რატომ ხდება ეს კონკრეტულ ლოკაციებზე განსაკუთრებით, არავინ იცის. როცა წვიმა მოდის, გული მისკდება _ სახლიდან რომ გაიხედავ, ისეთი ტბები დგება, გეგონება, არასოდეს დაშრება. ამას სპეციალისტები სჭირდება, რომ თემა განიხილონ. ეს ხომ ადვილი არ არის. ურთულესი თემაა. არ მგონია, ვინმეს არ უნდოდეს მოგვარება. უცებაც არ გადაწყდება. ზღვისპირეთია. უამრავი სპეციფიკური ხარვეზი შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს. მაღალ დონეზე უნდა მოხდეს ამ პრობლემის განხილვა, _ თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ურეკში, დავით რობაქიძემ, თქვა, რომ მთელი დღის განმავლობაში კურორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და უხვი ნალექისგან დაზარალებულ ოჯახებს ეხმარებოდა:

_ რას ვიზამთ, ხდება. დილიდანვე ძალიან წვიმდა. ზღვისპირა მხარეში უხვი ნალექი არავის უკვირს. ესაა, არავინ უნდა დაზარალდეს. კიდევ კარგი, შუადღემდე გადაიღო და გამოიდარა, თორემ უარესი მდგომარეობა იქნებოდა. სამაშველო ბრიგადებმა კარგად იმუშავეს, _ გვითხრა რობაქიძემ.

The post „ურეკს სანიაღვრე სისტემა არ აქვს, რაც უდიდესი პრობლემაა“_ უხვი ნალექი ზღვისპირა კურორტზე appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი