სააგენტო "პარალელი"
“მილიონობით ადამიანი კარგავს ფულს წარუმატებელ პროექტებსა და თაღლითურ პირამიდებში” – რომან გოცირიძე
თანამედროვე ტექნოლოგიების – ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტების, ინტერნეტისა თუ ხელოვნურ ინტელექტის გავლენებზე საუბრობს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:
“რამდენი ადამიანი გაუბედურდა 90-იან წლებში სხვადასხვა სახის ე. წ. საინვესტიციო კომპანიებში თუ პირამიდებში ფულის შეტანის შედეგად. მიუხედავად ამ მწარე გამოცდილებისა, მოგვიანებით კვლავ იყო ფულის დაკარგვის ცალკეული შემთხვევები, თუმცა ეს დანაკარგები ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენდა. ბოლო ასეთი შემთხვევის შესახებ პარლამენტშიც შემოვიდა საჩივარი. მეც შევხვდი მათ წარმომადგენლებს. საქმე უიმედო ჩანდა. ამ ბიზნესის ორგანიზატორი კი დაიჭირეს, მაგრამ იმათ რა შველა, ვინც სოლიდური ოდენობის ფული დაკარგა.
ახლა კრიპტობუმია. მსოფლიოში 20 ათასამდე კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინზე დაფუძნებული მილიონობით კრიპტოაქტივია (ე. წ. ტოკენები). მილიონობით ადამიანი კარგავს ფულს წარუმატებელ პროექტებსა და თაღლითურ პირამიდებში. როგორც სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ქართველებიც არიან ჩართული ამ პროცესში. მათ არ იციან, რა მოხდა 30 წლის წინ. ბევრი მაშინ დაბადებულიც არ იყო.
ერთმა ნაცნობმა ფეისბუკპოსტით მთხოვა, გამომეთქვა მოსაზრება, თუ რამდენად საიმედო იყო ერთ-ერთი უცხოური კრიპტოაქტივი. აშკარად ჩანდა, რომ პირამიდაა. კინაღამ ჩამქოლეს-ფულს ვშოულობთ და რატომ უწევ დისკრედიტაციასო. ფულს მართლა შოულობენ თავიდან, ოღონდ ეს ფული მათ მიერვე შეტანილი თანხაა, რომელსაც თავდაპირველად მაღალი პროცენტის სახით უკან უბრუნებენ. გარკვეულ ეტაპზე ძირითადი ფულის გამოტანაც შეიძლება, თუ ჭკუას იხმარ და დროზე გამოექცევი იქიდან.
ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ბევრი შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა არ გააფრთხილა ხალხი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ერთი-ორი განცხადება მხოლოდ ხელების დაბანას ნიშნავს. მსგავსი განცხადებაც კი არ მოგვისმენია ახლა ეროვნული ბანკისგან. როცა ურემი გადაბრუნდება, მერე გვინათდება გონება.
ბლოკჩეინი და მასზე დაფუძნებული პროდუქტები კაცობრიობის მონაპოვარია, ისევე როგორც ინტერნეტი და ხელოვნური ინტელექტი. დროთა განმავლობაში გარემო დაიწმინდება და უფრო ადვილი მისახვედრი გახდება, რომელია სანდო და სტაბილური, და რომელი სარისკო. ამას წლები დასჭირდება. მანამდე ადამიანები ასეულობით მილიარდ დოლარს დაკარგავენ. კარგი იქნება, თუ ამ დოლარებში ქართული წილი ნაკლები იქნება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე რომან გოცირიძე.
“მილიონობით ადამიანი კარგავს ფულს წარუმატებელ პროექტებსა და თაღლითურ პირამიდებში” – რომან გოცირიძე
პარალელი