სიახლე

ტრაგიკული ავარიები გურიაში და სისტემური პრობლემები: რატომ ხდება რეგიონული გზები საფრთხის შემცველი

GuriaNews

აგვისტოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დროს მომხდარ ორ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 20-ზე მეტმა მოქალაქემ სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ერთ-ერთი ტრაგედია დაბა გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე მოხდა, სადაც უცხოელი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა და ხეს შეეჯახა. მძღოლმა, რომელსაც აღნიშნული რაოდენობის მგზავრების გადაყვანისთვის შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა არ გააჩნდა, ავტომობილის უსაფრთხო […] The post ტრაგიკული ავარიები გურიაში და სისტემური პრობლემები: რატომ ხდება რეგიონული გზები საფრთხის შემცველი appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

აგვისტოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დროს მომხდარ ორ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 20-ზე მეტმა მოქალაქემ სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

ერთ-ერთი ტრაგედია დაბა გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე მოხდა, სადაც უცხოელი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა და ხეს შეეჯახა. მძღოლმა, რომელსაც აღნიშნული რაოდენობის მგზავრების გადაყვანისთვის შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა არ გააჩნდა, ავტომობილის უსაფრთხო მართვა ვერ უზრუნველყო. ავარიის შედეგად 4 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, 16-მა კი მძიმე დაზიანება მიიღო.

ამასთან, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ წითელმთაშიც, სადაც ავარიის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა _ მათგან ერთი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„გურია ნიუსი“  „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილს ესაუბრა.

_ ქალბატონო ეკა,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ წამოწია წინა პლანზე რეგიონულ გზებზე  უსაფრთხოების საკითხი.  თქვენი დაკვირვებით, რა არის რეგიონულ გზებზე ავარიების მთავარი სისტემური მიზეზი?

_ რეგიონულ თუ ქალაქის გზებზე საგზაო შემთხვევა მხოლოდ ერთი ფაქტორიდან არ გამომდინარეობს. ხშირად ერთად გვაქვს მაღალი სიჩქარე, არასაკმარისად უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, საგზაო მოძრაობის მონაწილის ქცევა და კანონის აღსრულების საკითხი.

განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ცენტრალური გზა ფაქტობრივად დასახლების ნაწილია _ იქ მოძრაობენ ბავშვები, ფეხით მოსიარულეები, ადგილობრივი მოსახლეობა, ავტომობილები კი ხშირად საკმაოდ მაღალი სიჩქარით გადაადგილდებიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ადგილებში უსაფრთხოება თავიდანვე იყოს გათვალისწინებული და მხოლოდ მძღოლის პასუხისმგებლობაზე არ ვიყოთ დამოკიდებული.

_ რამდენად პასუხობს სოფლისა და შიდა მუნიციპალურ გზებზე არსებული ინფრასტრუქტურა (განათება, საგზაო ნიშნები, „სიჩქარის დამჭერები“) უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს? რა არის ამ კუთხით ყველაზე დიდი გამოწვევა?

_ მდგომარეობა ყველგან ერთნაირი არ არის და ბევრ ადგილზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ნამდვილად საჭიროა.

საერთაშორისო პრაქტიკით, მაგალითად, სკოლის ზონა მხოლოდ ნიშანი და გადასასვლელი არ არის. ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ბავშვს უსაფრთხოდ შეუძლია გადაადგილება.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დაბალი სიჩქარე _ დაახლოებით 30 კმ/სთ, უსაფრთხო ტროტუარი და გადასასვლელი, კარგი განათება და სიჩქარის რეალურად შემამცირებელი ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს იმ მონაკვეთებს, სადაც ბავშვებს ხშირად უწევთ გზის გადაკვეთა.

_ რამდენად ეფექტურია სიჩქარის კონტროლის არსებული მექანიზმები რეგიონებში და აუცილებელია თუ არა სოფლის ცენტრალურ გზებზე „ჭკვიანი კამერებისა“ და რადარების მონტაჟი?

_ სიჩქარე ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია და კონტროლი ნამდვილად მნიშვნელოვანია. კამერები და რადარები ეფექტური ინსტრუმენტია, განსაკუთრებით მაღალი რისკის მონაკვეთებზე, მაგრამ მხოლოდ კამერებით პრობლემას ვერ გადავჭრით.

საჭიროა სიჩქარის სწორი ლიმიტი, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა და თანმიმდევრული აღსრულება. მძღოლმა უნდა იცოდეს, რომ დასახლებულ ადგილებში მაღალი სიჩქარე რეალურ საფრთხეს ქმნის.

_ რეგიონებში ხშირად მართვის უფლების არმქონე მოზარდები ჯდებიან საჭესთან. რა პრევენციული ბერკეტები არსებობს ამის აღსაკვეთად _ მხოლოდ სამართალდამცავების მეთვალყურეობა საკმარისია თუ საგანმანათლებლო/საზოგადოებრივი მიდგომაა საჭირო?

_ აქ მხოლოდ მოზარდზე პასუხისმგებლობის გადატანა არ იქნება სწორი. თუ არასრულწლოვანს ავტომობილზე ხელი მიუწვდება და მას მართვის შესაძლებლობა ეძლევა, ეს ოჯახის და ზოგადად საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხიცაა.

საჭიროა როგორც კონტროლი და კანონის აღსრულება, ასევე, მშობლებთან და ახალგაზრდებთან მუშაობა. მათ მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის უბრალოდ წესის დარღვევა _ შედეგი შეიძლება ძალიან მძიმე იყოს.

_ რა კონკრეტული, დაუყოვნებელი ნაბიჯები უნდა გადადგან ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და საგზაო უწყებებმა იმისთვის, რომ სოფლის გზებზე ტრაგიკული შემთხვევების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს?

_ პირველ რიგში, უნდა გამოვლინდეს მაღალი რისკის ადგილები _ განსაკუთრებით სკოლებთან, დასახლებულ ტერიტორიებსა და იმ მონაკვეთებზე, სადაც ადამიანები ხშირად კვეთენ გზას.

იქ, სადაც საჭიროა, დაუყოვნებლივ უნდა მოწესრიგდეს სიჩქარის რეჟიმი, გადასასვლელები, განათება და ნიშნები და გაძლიერდეს სიჩქარის კონტროლი.

პარალელურად, საჭიროა მოსახლეობასთან, სკოლებთან და მშობლებთან მუშაობაც. მხოლოდ ერთი ღონისძიება ვერ მოგვცემს შედეგს _ ინფრასტრუქტურა, კონტროლი და განათლება ერთად უნდა მუშაობდეს.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში გურიის რეგიონში სისხლის სამართლის კოდექსით რეგისტრირებული 26 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში გურიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 51-მა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

The post ტრაგიკული ავარიები გურიაში და სისტემური პრობლემები: რატომ ხდება რეგიონული გზები საფრთხის შემცველი appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი