დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე _ “ოსკარზე”, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი “გურია” იქნება წარდგენილი.
როგორც ცნობილია, ფილმის ჩვენება და კონკურსში მონაწილეობა ვენეციის კინოფესტივალზეც იგეგმება. ფილმი “გურია” ვენეციის კინოფესტივალის სექციაში _ Venice Spotlight-ზე იქნება წარმოდგენილი.
“პირველ რიგში, მიხარია ფილმის ასეთი წარმატება. განსაკუთრებით გამიხარდა, რომ “გურიას” ჩვენება ვენეციის კინოფესტივალზე იქნება. ვენეციის კინოფესტივალი ერთ-ერთი მთავარი კინოფორუმია და ფილმის პრემიერა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს ქართული კინოს წარმატებაა.
ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული _ დიდი სიყვარულით გურიის, საქართველოსა და ადამიანების მიმართ. მიხარია, რომ ეს ფილმი ვენეციის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა და ასევე “ოსკარის” ჟიურის წევრებმა შეამჩნიეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის დიდი წარმატება”, _ გვითხრა “გურია ნიუსთან” საუბრისას ფილმის რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა.
ფილმის პრემიერას ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოლოდინით ელოდება მწერალი გიორგი კეკელიძეც. ის არაერთი წიგნის ავტორია, სადაც გურულ ამბებს დიდი ადგილი უჭირავს.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარ სცენარის თანაავტორი. ლევანს აქტიურად ვეხმარებოდი მასალების მოძიებაში. მას შემდეგ, რაც მან “გურული დღიურები” წაიკითხა, მითხრა, რომ ეს თემატიკა საინტერესოდ ეჩვენებოდა. თუმცა ეს ფილმი “გურულ დღიურებს” არ ეყრდნობა. ძალიან მიხარია ამ ფილმის წარმატება, რადგან ეს ხელს შეუწყობს გურიის პოპულარიზაციას“, _ გვითხრა გიორგი კეკელიძემ.
ფილმში მოქმედება 90-იანი წლების პოსტსაბჭოთა გურიაში ვითარდება, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლას მოსახლეობისთვის სიმდიდრე არ მოუტანია _ რეგიონში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, შუქი პერიოდულად ქრება და გამეფებულია სიღარიბე.
ფილმში ერთ-ერთ როლს ასახიერებს ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ვახო ჩხარტიშვილი.
“სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან ვნერვიულობდი. პირველად ვიყავი კინოში ასეთ როლზე და გამომივიდოდა თუ არა, ამაში ცოტა ეჭვი მეპარებოდა. თუმცა თვითონ ბატონი ლევანი იმდენად უბრალო და სასიამოვნო ადამიანია საურთიერთოდ, იმდენად ნიჭიერი და პროფესიონალია, ქასტიც იმდენად კარგი მსახიობებითა და ადამიანებით იყო დაკომპლექტებული, რომ ძალიან გამიადვილდა თამაში. თვითონ გადაღებების პროცესიც, შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში. მშვენიერ მოგონებად დარჩება აუცილებლად“, _ გვითხრა ვახო ჩხარტიშვილმა.
ფილმი “გურია” შვიდი ქვეყნის _ საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის ერთობლივი პროდუქციაა.
The post “ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი appeared first on გურია ნიუსი.