სააგენტო "პარალელი"
“ცხელი შემოდგომა დადგა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც აუცილებლად ექნება თავისი გაგრძელება” – ზურაბ ბატიაშვილი
ახლო აღმოსავლეთში შექმნილ მდგომარეობას მიმოიხილავს და იემენის აჯანყებული ჰუსიტების მიერ წარმოებული საბრძოლო ოპერაციების შესახებ განმარტებებს აკეთებს აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი:
“იემენის აჯანყებულმა ჰუსიტებმა (რომელთა უკან ირანი მოიაზრება) ბოლო 48 საათის განმავლობაში შეძლეს სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება (არამხოლოდ იემენის მასშტაბით) და დაიკავეს 145 კმ სიგრძის სანაპირო წითელი ზღვაზე;
სანაპიროსთან ერთად მათ დაიკავეს იქ მდებარე საპორტო ქალაქები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰუსიტების კონტროლქვეშ გადავიდა კუნძულები, საიდანაც შესაძლებელია წითელ ზღვაში (+სუეცის არხში) საზღვაოსნო მიმოსვლის კონტროლი;
ჰუსიტების მთავარი მოწინააღმდეგე საუდის არაბეთია, რომელმაც არათუ ვერ შეძლო ამ წინსვლის შეჩერება, არამედ ვერ დაიცვა საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც ჰუსიტებმა დაბომბეს;
ამ ეტაპზე არც საუდის მთავარი მოკავშირეები – აშშ, პაკისტანი და თურქეთი ცდილობენ სამხედრო ჩარევას ჰუსიტების წინააღმდეგ;
ერთადერთ იმედად ისრაელი რჩება, რომელსაც ადრეც არაერთხელ დაუბომბავს ჰუსიტები. მაგრამ საუდელებმა როგორ უნდა ახსნან ისრაელის დახმარება, ამის ფიქრში არიან. არადა, დრო მიდის და საუდელები დიდ ფინანსურ და იმიჯურ მარცხს განიცდიან რეგიონში;
ამ მოვლენების ფონზე ბარელი ნავთობის ფასმა 106 აშშ დოლარს მიაღწია და შეიძლება კიდევ მოიმატოს, რადგან ჰუსიტებს წითელ ზღვაში გემების მოძრაობა ჯერჯერობით არ შეუფერხებიათ (არადა მათ ამის უკვე ყველა საშუალება გააჩნიათ);
არადა ჰორმუზის შემდეგ წითელი ზღვის ჩაკეტვა გლობალური მასშტაბის მოვლენა იქნება და ეს შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს;
ცხელი შემოდგომა დადგა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც აუცილებლად ექნება თავისი გაგრძელება“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
“ცხელი შემოდგომა დადგა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც აუცილებლად ექნება თავისი გაგრძელება” – ზურაბ ბატიაშვილი
პარალელი