უნგრეთის ახალარჩეული ლიდერის, პეტერ მადიარის თქმით, ქვეყანა საქართველოსთან ურთიერთობას კვლავ გააგრძელებს, მიუხედავად “ქართული ოცნების” მხარდამჭერი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოპოზიციაში გადასვლისა. ამის შესახებ მადიარმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის საპასუხოდ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში ჩამოსასვლელადაც მზად არის.
“რა თქმა უნდა, საქართველოსთან კარგ ურთიერთობას შევინარჩუნებთ. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას რომელიმე ქვეყანასთან ახლო კავშირი ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ქვეყანასთან ნაკლები ურთიერთობა გვექნება. პირიქით, თუ უნგრეთს რომელიმე ქვეყანასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ჩვენ მას გამოვასწორებთ. ეს ჩვენს საერთო ინტერესებშია, რომ ერთად ვიმუშაოთ კეთილდღეობისთვის.
ძალიან მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო თქვენთან ერთად. თუმცა ჩვენ არ ჩავერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, არ ვცდით, რომ გავლენა მოვახდინოთ თქვენი ქვეყნის თუ ჩრდილოეთ მაკედონიის არჩევნებზე, ეს არ არის ჩვენი სტილი ან რომელიმე ევროპული სახელმწიფოს საქმე, თითოეული არჩევნების შედეგები ქვეყნის ელექტორატის მხარდაჭერას ასახავს”, – ამბობს პეტერ მადიარი.
უნგრეთში 12 აპრილს გამართული არჩევნებით ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. ის 45 წლის ყოფილმა თანაპარტიელმა დაამარცხა,
დათვლილი ხმების 98%-ზე მეტზე დაყრდნობით, არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პეტერ მადიარის პარტია 138 მანდატს იღებს, ორბანის – 55-ს, ხოლო ულტრამემარჯვენე “ჩვენი სამშობლო” – 6-ს.
პრესკონფერენციაზე მადიარმა აღნიშნა, რომ იმედს იტოვებს, პრემიერ-მინისტრობის თანამდებობის დაკავებას 5 მაისიდან შეძლებს.
The post “საქართველოსთან კარგ ურთიერთობას შევინარჩუნებთ” – პეტერ მადიარი appeared first on გურია ნიუსი.