
პლასტმასის ბოთლების აკრძალვა საქართველოში
საქართველოში პლასტმასის მოხმარების შეზღუდვის ახალი ეტაპი 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება: კაფეებსა და რესტორნებში, ასევე საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში, მომხმარებელი სასმელს პლასტმასის ბოთლით ვეღარ შეიძენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ცვლილებები პლასტმასის მოხმარების შემცირებას და გარემოზე მისი ზემოქმედების შეზღუდვას ემსახურება.
სად გავრცელდება აკრძალვა
პლასტმასის ბოთლით სასმელების მიწოდების აკრძალვა შეეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მათ შორის კაფეებს, რესტორნებს, საცხობებს, საშაურმეებს და სხვა მსგავს დაწესებულებებს.
ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის 1 ივლისიდან ასეთ ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმლის პლასტმასის ბოთლით შეთავაზება აღარ იქნება დაშვებული.
თუმცა, პლასტმასის ბოთლებში წყალი ჩვეულებრივ გაიყიდება მაღაზიებში, სუპერმარკეტებში. ამ ბოთლებში წყლის ჩამოსხმა და ბაზარზე განთავსება კომპანიებს ამ ეტაპზე არ ეკრძალებათ.
რა არის უკვე აკრძალული
სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით უკვე აკრძალულია პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების, ჭიქებისა და მათი თავსახურების წარმოება, გარდა ექსპორტისთვის განკუთვნილი პროდუქციისა. აკრძალულია ამ პროდუქციის იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
ამავე თარიღიდან აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვაც.
რა აიკრძალება 1 ივლისიდან
2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება რეგულაციების კიდევ ერთი ნაწილი. კერძოდ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებითა და ჭიქებით.
ამავე დღიდან აიკრძალება მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდებაც.
რა ცვლილებები გადავადდა 2031 წლისთვის
თავდაპირველად მთავრობის მიერ 2026 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტისთვის განკუთვნილი პროდუქციისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო.
თუმცა, 2026 წლის 8 აპრილს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად ეს ვადა შეიცვალა. მისი თქმით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება 2031 წლის 1 თებერვლიდან უკვე სრულად აიკრძალება.
ამ აკრძალვას გამონაკლისებიც ექნება: ის არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.
რეგულაციები და რეალობა
პლასტმასის შეზღუდვაზე საუბარი საქართველოში ახალი არ არის. ქვეყანაში უკვე მოქმედებს შეზღუდვები პოლიეთილენის პარკების რეალიზაციაზეც და კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ სავაჭრო ობიექტებში ბიოდეგრადირებადი პარკები უნდა გამოიყენებოდეს. თუმცა პრაქტიკაში ეს წესი ობიექტების მხოლოდ ნაწილში სრულდება.
ასევე, 1 აპრილს ამოქმედებული აკრძალვის მიუხედავად, მარკეტებში დღესაც შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგალითად, ერთჯერადი პლასტმასის თეფშები თუ კონტეინერები.
“სანამ არ დამაჯარიმებენ, გავყიდი. მერე ვნახოთ, რა იქნება. აბა ამ საქონელს რა ვუყო? დიდი ზარალი იქნება ამის გადაყრა,” – ამბობს JAMnews-სთან საუბარში ერთ-ერთი მარკეტის მფლობელი.
რატომ ამკაცრებს სახელმწიფო წესებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გადაწყვეტილების საფუძვლად გარემოზე ზრუნვას ასახელებს.
უწყების ცნობით, საქართველოში პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა ჩატარდა. ამ კვლევების მიხედვით, მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88% პლასტმასია, მათი უდიდესი ნაწილი კი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. ამავე მონაცემებით, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41%-ს შეადგენს.
ანუ პრობლემა არც თეორიულია და არც კოსმეტიკური: პლასტმასი უკვე დომინანტურ ადგილს იკავებს დაბინძურებაში, განსაკუთრებით წყლის ეკოსისტემებში.
კიდევ ერთი სისტემური პრობლემა ნაგვის სეპარირების არარსებობაა. საქართველოში ნარჩენების განცალკევება კვლავ ფართოდ არ ხდება, რაც პლასტმასის გადამუშავებას აფერხებს და გარემოს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ნარჩენების სათანადო მართვის პირობებში იქნებოდა.
რას ნიშნავს ეს მომხმარებლისთვის
პრაქტიკული თვალსაზრისით, რეგულაცია, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ პლასტმასის ბოთლების ნაცვლად ბაზარზე უფრო მეტად შუშის ტარა ან სხვა ალტერნატივები გამოჩნდება.
ამას, დიდი ალბათობით, ფასზეც ექნება გავლენა. შუშის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი ჩვეულებრივ უფრო ძვირია. შესაბამისად, აკრძალვების ამოქმედების შემდეგ, იმავე მოცულობის სასმელების ფასი შესაძლოა გაიზარდოს.