17 მაისს ქალაქ რუსთავში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს დაწესდა.
სადღესასწაულო აქტივობები თავისუფლების მოედანზე დაიწყო, სადაც ფოლკლორულმა ანსამბლმა „ალავერდმა“ ქართული სიმღერები შეასრულა. პარალელურად, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინა.
შემდეგ მონაწილეებმა საზეიმო მსვლელობით გმირთა მემორიალთან გადაინაცვლეს, სადაც ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მისი მოადგილე და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
,,დღეს რუსთავში განსაკუთრებული დღესასწაული – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღვნიშნეთ, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს დაწესდა. ამ დღის მიზანი სწორედ ჩვენი უმთავრესი ფასეულობების – ოჯახური ღირებულებების, მშობლების პატივისცემისა და ეროვნული ტრადიციების დაფასებაა.”- განაცხადა ილია ჯალაღანიამ.
ღონისძიება პატრიარქის მისალოცი წერილის წაკითხვით დასრულდა.