სიახლე

დახმარება, რომელიც ქრება _ რა ხდება სოციალურად დაუცველთა ბაზებში?

GuriaNews

ათასობით გურული ოჯახი, რომლებიც საარსებო შემწეობის მიღების იმედად იყვნენ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში სახელმწიფოს დახმარების გარეშე დარჩნენ _ დასაქმების პროგრამის მოულოდნელი გაუქმება და ბაზების ფართომასშტაბიანი გადამოწმება რეგიონში სოციალურ დაძაბულობას აღვივებს, მუნიციპალიტეტები კი, პასუხისმგებლობის ნაცვლად, კვლავ უწყებათაშორის “პინგ–პონგს” თამაშობენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გურიაში საარსებო შემწეობას სულ 3 799 ოჯახი (15 540 პირი) იღებს, […] The post დახმარება, რომელიც ქრება _ რა ხდება სოციალურად დაუცველთა ბაზებში? appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ათასობით გურული ოჯახი, რომლებიც საარსებო შემწეობის მიღების იმედად იყვნენ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში სახელმწიფოს  დახმარების გარეშე დარჩნენ _ დასაქმების პროგრამის მოულოდნელი გაუქმება და ბაზების ფართომასშტაბიანი გადამოწმება რეგიონში სოციალურ დაძაბულობას აღვივებს, მუნიციპალიტეტები კი, პასუხისმგებლობის ნაცვლად, კვლავ უწყებათაშორის “პინგ–პონგს” თამაშობენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გურიაში საარსებო შემწეობას სულ 3 799 ოჯახი (15 540 პირი) იღებს, ხოლო სახელმწიფოს დასაქმების პროგრამაში 1 178 ოჯახია (5 543 პირი) ჩართული.

მუნიციპალიტეტების მიხედვით მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:

ლანჩხუთი: საარსებო შემწეობას იღებს 1 149 ოჯახი (4 578 პირი, დასაქმების პროგრამაში კი რეგისტრირებულია 279 ოჯახი ( 1 266 პირი).

ოზურგეთი (ქალაქი): საარსებო შემწეობის მიმღებია 748 ოჯახი (2 352 პირი), დასაქმების პროგრამაში ჩართულია 203 ოჯახი ( 858 პირი).

ოზურგეთის რაიონი (სოფლები): საარსებო შემწეობას იღებს 1 260 ოჯახი (5 799 პირი), დასაქმების პროგრამაში ჩართულია 504 ოჯახი ( 2 527 პირი).

ჩოხატაური: საარსებო შემწეობის მიმღებია 642 ოჯახი (2 811 პირი). დასაქმების პროგრამაში კი მონაწილეობს 192 ოჯახი( 892 პირი).

მიმდინარე წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი უწყების მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმებული 300 სოციალურად დაუცველი პირიდან 49-ს 3 000 ლარზე მეტი შემოსავალი აღმოაჩნდა. კოვიდპანდემიის შემდეგ დაწესებული მორატორიუმი სრულდება და ბაზები ხელახლა გადამოწმდება.

ამ განცხადების ფონზე, “გურია ნიუსმა” 28  მაისს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მიმართა კითხვებით: ფიქსირდებოდა თუ არა ფიქტიური დასაქმება, რის საფუძველზე აწერდნენ ხელს ყოველთვიურ ტაბელებს ანაზღაურების გასაცემად და ვინ ჩაანაცვლებდა სამუშაოდან გაშვებულ ადამიანებს?

ჩოხატაურის მერიამ 8 ივნისს უპასუხა გამოცემას, თუმცა პასუხისმგებლობა სრულად ჯანდაცვის სამინისტროს გადააბარა.

ოზურგეთის მერიამ პასუხი 13 ივლისს დაგვიბრუნა  და მანაც სამინისტროში გადაგვამისამართა.

ლანჩხუთის მერიასა და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია და მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

მანამდე კი საკითხის შესახებ  სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორს, თამთა მიქელაძეს ვესაუბრეთ.

_ მუნიციპალიტეტებმა კანონით დადგენილ ვადებში არ გასცეს საჯარო ინფორმაცია, ხოლო შემდგომ პასუხისმგებლობა სრულად გადააბარეს სამინისტროს. რამდენად კანონიერია მერიების მხრიდან იმ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ან გადამისამართება, რომელიც უშუალოდ მერის წარმომადგენლების მიერ წარმოებულ დოკუმენტებს (სამუშაო ტაბელებს) ეხება? ხომ არ გვაქვს საქმე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (ზაკ) უხეშ დარღვევასთან?

_ ამ შემთხვევაში, გააჩნია უწყებისთვის დასმული კითხვის შინაარსს. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის მიხედვით, ყველა რგოლს თავისი პასუხისმგებლობა აქვს გაწერილი. მაგალითისთვის, სამინისტროს ზოგადი პოლიტიკის გახორციელება და ქვეპროგრამის ადმინისტრირება ევალება; მუნიციპალიტეტს (რომელიც არის დასაქმების ადგილის მიმწოდებელი), მოსარგებლეების შერჩევა და თუნდაც ტაბელის აღრიცხვა. შესაბამისად, საკითხავია, თუ რამდენად შედიოდა კონკრეტული საკითხები ამა თუ იმ უწყების კომპეტენციაში. თუმცა, თუ მოქალაქემ განაცხადი არაუფლებამოსილ ორგანოში გააგზავნა, სზაკის მე-80 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

თუ სამუშაო ტაბელების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავდა პერსონალურ მონაცემს, შესაძლებელია, ამ მიზეზით ეთქვათ უარი.

_ თუკი არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სოფლებში ადამიანები რეალურად არ მუშაობდნენ (ფიქტიური დასაქმება), თუმცა, მერის წარმომადგენლები ხელს აწერდნენ ყოველთვიურ ტაბელებს, რის საფუძველზეც ბიუჯეტიდან ფული გაიცემოდა _ რა ტიპის სამართლებრივ დანაშაულთან (მაგალითად: ყალბი დოკუმენტის დამზადება, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა ან სამსახურებრივი სიყალბე) შეიძლება გვქონდეს საქმე?

_ ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემა რთულია და დამოკიდებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის, ქმედების მიზანზეც. არის დიდი ალბათობა, რომ დოკუმენტის გაყალბების (სამსახურებრივი სიყალბე), ან/და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები იყოს.

_ სამართლებრივად ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დასაქმებულის წინაშე, როდესაც მერია ამბობს, რომ პროგრამას სამინისტრო ახორციელებს, მაგრამ უშუალო სამუშაო პროცესს, ლოკაციას და ტაბელებს მუნიციპალიტეტი განკარგავდა? ვინაიდან პროგრამა სრულად არ შეწყვეტილა და მოხდა ადამიანების ნაწილობრივი ფილტრაცია (ნაწილი _ დატოვეს, ნაწილი _ გაუშვეს), რა სამართლებრივი ბერკეტები აქვთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც პროგრამიდან ყოველგვარი წერილობითი დასაბუთების გარეშე გაუშვეს?

_ 2025 წლის დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ამ ქვეპროგრამასთან მიმართებით, სახელმწიფო უწყებებს შემდეგი პასუხისმგებლობები ეკისრებოდათ:

სამინისტრო პოლიტიკას განსაზღვრავს, სააგენტო _ ადმინისტრირებას, ხოლო მუნიციპალიტეტი უშუალოდ სამუშაო ადგილების შერჩევასა და ტაბელების წარმოებაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ეს გაბნეული პასუხისმგებლობა ხდება ხშირად მიზეზი იმისა, რომ უწყებები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) მოსარგებლის გარდაცვალება; გ) მოსარგებლის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ყოფნა/მოსარგებლის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განჩინების კანონიერ ძალაში შესვლა, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება; დ) საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებაზე თავის არიდება/არაკეთილსინდისიერად შესრულება; ე) მოსარგებლის ღია შრომის ბაზარზე დასაქმება. 

შესაბამისად, ერთ–ერთი საფუძველი ადგილზე უნდა იყოს და ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა საბუთდებოდეს. 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობამ რამდენიმე თვის წინ მიიღო გადაწყვეტილება ამ ქვეპროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 2026 წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ეს ქვეპროგრამა საერთოდ აღარც არის ცალკე მითითებული. შესაბამისად, გათავისუფლებები შეიძლება უკავშირდებოდეს არა ხელშეკრულების შეუსრულებლობას, არამედ უშუალოდ პროგრამის დასრულებას და ინდივიდუალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვას.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ მიზეზით, ყოველთვიურად იკლებს იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა, რომლებიც საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამაში იყვნენ ჩართულები და რომლებიც სოციალური შემწეობის მიღების 4-წლიანი გარანტიით სარგებლობდნენ. მაგალითად, თუ 2026 წლის იანვარში ამ ადამიანების რაოდენობა იყო 245 995 (გურიაში _ 12 378), ივნისში უკვე 183 691-მდე (გურიაში _ 5 543) ჩამოვიდა.

ცენტრის შეფასებით, მიმდინარე პროცესი არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს თვითნებური მოპყრობისა და მინიმალური მხარდაჭერის მიღმა დატოვების რისკებს უქმნის.

“პანდემიის პერიოდში (2020-2023 წწ.) სოციალურად დაუცველთა ბაზა 96 439 ადამიანით გაიზარდა, თუმცა ძირითადი მატება პოსტპანდემიურ ეტაპზე მოხდა. 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობას 181 569 ადამიანით მეტი იღებდა, ვიდრე 2023 წლის იანვარში. ეს დროითი მონაკვეთი ზუსტად ემთხვევა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფუნქციონირებასა და არჩევნების პერიოდებს. სტატისტიკით, ბაზაში რეგისტრირებულთა 41% იქ 10 წელზე მეტია ირიცხება, ხოლო პოსტპანდემიურ პერიოდში დარეგისტრირებულთა წილი საერთო რაოდენობის 19%-ს შეადგენს.

არსებულ მეთოდოლოგიას ახასიათებს ე.წ. ჩარიცხვისა და ამორიცხვის შეცდომები. მმართველი გუნდი აქცენტს მხოლოდ ჩარიცხვის შეცდომებზე (ანუ მათზე, ვინც უსამართლოდ იღებს) აკეთებს, ხოლო ამორიცხვის პრობლემას (როცა ღარიბი ადამიანი სისტემის მიღმა რჩება) უგულებელყოფს.

ალტერნატივის არარსებობა დაუცველობის პირობებში: თუ შეფასების მეთოდოლოგიამ ოჯახის მოწყვლადობა ვერ დაინახა და მაღალი ქულა მიანიჭა, ხელახალი გადამოწმების შესაძლებლობა მხოლოდ 1 წელიწადში დგება. ამასთან, ქულის ადეკვატურობაზე სასამართლო, როგორც წესი, ვერ მსჯელობს, რადგან სისტემა ავტომატიზებულ ცვლადებს ეყრდნობა.

სოციალური პოლიტიკა არაგეგმურია. 2021 წელს დაანონსებული “სოციალური კოდექსი” არ მიუღიათ, ხოლო 2022 წელს დაწყებული დასაქმების პროგრამა, რომელიც 2026 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში გათვალისწინებული იყო, მოულოდნელად საერთოდ გააუქმეს“, _ აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ექსპერტთა შეფასებით, გამოთავისუფლებული თანხების მექანიკური გადანაწილება სიღარიბის პრობლემას ვერ მოხსნის. აუცილებელია სისტემის სრული გადახედვა და ისეთი მექანიზმების დანერგვა, როგორიცაა უმუშევრობის დაზღვევა, საბინაო პოლიტიკა, ღირსეული მინიმალური ხელფასი და განათლების ინკლუზიური პოლიტიკა.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის დიზაინი თავიდანვე ხარვეზიანი იყო, რადგან არ ითვალისწინებდა შშმ პირების, ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების სპეციფიკურ საჭიროებებს. თუმცა, მიუხედავად სისტემური ხარვეზებისა, პროგრამა ათასობით ადამიანისთვის გადარჩენის ერთადერთ “ბადეს” წარმოადგენდა.

ცენტრის ანალიზით, პროგრამის შეწყვეტა რამდენიმე კუთხით არის საგანგაშო:

ალტერნატივის არარსებობა: ხელისუფლებას არ წარუდგენია კონკრეტული გეგმა, თუ რა ბედი ეწევათ პროგრამიდან გაშვებულ ოჯახებს. “ბუნდოვანების რეჟიმი” კიდევ უფრო ამწვავებს მათ მოწყვლადობას.

დასაქმების სტატისტიკა: 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დასაქმების სერვისებით სარგებლობისას, სამუშაოს პოვნა მონაწილეთა მხოლოდ მცირე ნაწილმა (10-38%) მოახერხა. შესაბამისად, კერძო სექტორში “მუშახელის დეფიციტის” არგუმენტი სტრუქტურული ბარიერების (განათლება, გეოგრაფია, ზრუნვის ვალდებულებები) გაუთვალისწინებლად, მიზანს ვერ მიაღწევს.

ფინანსური მასშტაბი: 2022-2025 წლებში პროგრამაზე 352 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, შედეგების სიღრმისეული შეფასება საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც სოციალურად დაუცველებს კიდევ უფრო მეტად გააღარიბებს და მოითხოვს სოციალური დაცვის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ადამიანის ღირსებას დააყენებს ცენტრში.

The post დახმარება, რომელიც ქრება _ რა ხდება სოციალურად დაუცველთა ბაზებში? appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი