29 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, რომელმაც დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი წარუდგინა.
განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო. საკრებულოს წევრებმა, ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, ავტოჯართის, აალებადი და ამტვერებადი მასალების განთავსებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამებში შესატან ცვლილებებზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრასა და რამდენიმე სამშენებლო პროექტთან დაკავშირებული დეტალური გეგმების მომზადებაზე.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 93,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა
საკრებულოს სხდომამდე ორი დღით ადრე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ დასკვნა წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე საკითხი _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე _ მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსმა პავლე ჭყონიამ წარადგინა.
როგორც მან სხდომაზე განმარტა, შემოსავლებისა და გადასახდელების ნაწილში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 45 439 259,23 ლარით გაიზარდა.
წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების ნაშთიც, რომელიც 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 5 170 163,96 ლარს შეადგენდა.
მათ შორის, მუნიციპალიტეტის საკუთარი სახსრების ნაშთი 4 364 806,31 ლარია, ხოლო მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთი _ 19 347,31 ლარი.
პავლე ჭყონიამ სხდომის მონაწილეებს სხვა ფინანსური წყაროებისა და ნაშთების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მან დეტალურად ისაუბრა იმ თანხებზე, რომლებიც ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის ზრდას დაედო საფუძვლად.
გახორციელებული ცვლილებების შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 93 509,3 ათასი ლარით განისაზღვრა.
საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. საკითხთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრება არავის გამოუთქვამს და დადგენილება დამტკიცდა.
ახალი რეგულაციები მეორადი საბურავებისა და ავტოჯართის განთავსებაზე
ამავე სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15 ივნისის #21 დადგენილებაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელა.
საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარადგინა.
ცვლილებები ეხება 152-4 მუხლს, რომელიც მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილებისა და აალებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებასა და რეალიზაციას არეგულირებს.
გენო მორჩილაძემ სხდომაზე გარემოს დაცვის, მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ურბანული სივრცის მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, საქართველოს ორგანული კანონის _ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” _ თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის მიწათსარგებლობის დაგეგმვა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა მიეკუთვნება.
მომხსენებლის თქმით, აღნიშნული საკითხების მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციაში მოქცევა აუცილებელია, რათა მუნიციპალიტეტს ურბანული ქაოსის აღკვეთისა და საზოგადოებრივი სივრცეების დაცვის შესაბამისი მექანიზმები ჰქონდეს.
მეორადი საბურავების, ავტოჯართისა და ავტომობილების სხვადასხვა ნაწილის უწესრიგოდ, უნებართვო ადგილებში განთავსება მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს და საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენებას ზღუდავს.
მსგავსი მასალები ხშირად განთავსებულია ცენტრალური გზების პირას, საცხოვრებელ უბნებსა და საზოგადოებრივი დანიშნულების ტერიტორიებთან ახლოს, რაც, მორჩილაძის შეფასებით, უარყოფითად მოქმედებს, როგორც ქალაქის იერსახეზე, ისე მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე.
გენო მორჩილაძემ აღნიშნა, რომ რეგულაციების მიღება მხოლოდ მუნიციპალიტეტის ვიზუალური იერსახის დაცვას არ ემსახურება. საკითხი გარემოსდაცვით და სახანძრო უსაფრთხოებასაც უკავშირდება.
მეორადი საბურავები, ლითონის ჯართი და სხვადასხვა სახის აალებადი მასალა ხანძრის მაღალ რისკს ქმნის. მათი უწესრიგოდ განთავსება შესაძლოა გარემოს ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურების წყაროდაც იქცეს.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი ბერკეტი, რათა გააკონტროლოს, რომ მსგავსი საქმიანობა მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ, იზოლირებულ და უსაფრთხო ტერიტორიებზე, დადგენილი წესების დაცვით განხორციელდეს.
განსაკუთრებული ყურადღება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებსაც დაეთმობა. ოზურგეთისთვის, რომელსაც ისტორიული და ტურისტული განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, ასეთ ტერიტორიებზე მეორადი საბურავების, ჯართისა და სხვა მსგავსი მასალების განთავსება განსაკუთრებით საზიანოდ შეფასდა.
გენო მორჩილაძის განმარტებით, დადგენილების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის ვიზუალური და ესთეტიკური იერსახის დაცვა, ურბანული ქაოსის აღკვეთა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
აღნიშნული რეგულაცია 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
ამტვერებადი მასალების სველი მეთოდით დამუშავება
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ამტვერებადი მასალების სველი მეთოდით დამუშავებასთან დაკავშირებული რეგულაციებიც განიხილეს.
საკითხი 152-2 მუხლით რეგულირდება და ღია სივრცეში ქვის, ბეტონის, ფილებისა და სხვა ამტვერებადი მასალების ჭრასა და დამუშავებას ეხება.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ამგვარი მასალების მშრალი წესით ჭრისა და დამუშავებისას ჰაერში დიდი რაოდენობით მტვერი და მყარი ნაწილაკები იფრქვევა.
ეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხს აუარესებს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. განსაკუთრებული რისკის ქვეშ ბავშვები, ხანდაზმულები და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები არიან.
ჰაერში გაფრქვეულმა მტვერმა და მყარმა ნაწილაკებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ან გაამწვავოს სასუნთქი გზების დაავადებები.
გენო მორჩილაძის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია მსგავსი საქმიანობის სივრცითი მოწესრიგება. მუნიციპალურ ინსპექციას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მეწარმეებს მოსთხოვოს საქმიანობის სპეციალურად გამოყოფილ, იზოლირებულ და უსაფრთხო ზონებში გადატანა.
რეგულაციის მიზანია, ქვის, ბეტონის, ფილებისა და სხვა ამტვერებადი მასალების დამუშავება ისე განხორციელდეს, რომ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
სხდომაზე აღინიშნა, რომ მასალების დამუშავებისას უპირატესობა სველ მეთოდს უნდა მიენიჭოს, რადგან იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ჰაერში მტვრის გაფრქვევას.
მშენებლობებზე მასალების განთავსებისა და გადატანის წესები
გენო მორჩილაძემ სხდომაზე მშენებლობებზე ამტვერებადი მასალების შენახვასა და მათი სატრანსპორტო საშუალებებით გადატანასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც ჩამოთვალა.
მუხლი 152-6 მშენებარე ობიექტებზე, ღია სივრცეში, ამტვერებადი მასალების დამცავი შეფუთვის გარეშე განთავსებას კრძალავს.
დადგენილი წესის მიხედვით, სამშენებლო მასალები აუცილებლად უნდა დაიფაროს დამცავი ბადეებით ან სპეციალური საფრებით. აღნიშნული მოთხოვნა ჰაერში მტვრის გავრცელებისა და მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების შემცირებას ემსახურება.
მუხლი 152-7 კი ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან გაურეცხავი სატრანსპორტო საშუალებით გადატანას კრძალავს.
მომხსენებლის განმარტებით, სატვირთო ავტომობილები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ტრანსპორტირებისას მასალა გზაზე არ დაიყაროს და ჰაერში მტვერი არ გავრცელდეს.
გენო მორჩილაძემ აღნიშნა, რომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის შესაბამისი საჯარიმო სანქციები დაწესდება.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია მიიჩნევს, რომ საჯარიმო სანქციების ამოქმედებამდე აუცილებელია მეწარმეების სათანადო ინფორმირება.
მისი თქმით, საქმიანობის განმახორციელებელ პირებს წინასწარ უნდა მიეწოდოთ დეტალური ინფორმაცია ახალი წესების, მათი ამოქმედების ვადებისა და დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა შესაბამისი დადგენილება დაამტკიცეს.
ცვლილებები ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების პროგრამებში
საკრებულოს სხდომაზე ცვლილება შევიდა დადგენილებაში _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ”.
აღნიშნული ცვლილებები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამების განხორციელების წესებს შეეხება.
სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ცვლილებების მიზანია პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის პროცედურების მოწესრიგება და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უფლებამოსილი პირები
ცვლილებები ასევე შევიდა “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ დადგენილებაში.
საკითხი ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე, საქმის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრას.
ცვლილებები შეეხო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმას, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესსაც.
აღნიშნული რეგულაციების მოწესრიგება აუცილებელია, რათა მუნიციპალური სამსახურების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, ოქმის შედგენა და საქმის განხილვა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გახორციელდეს.
საკრებულომ ასევე იმსჯელა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.
ხელშეკრულება საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის #2260 განკარგულების საფუძველზე ზოგიერთი უფლებამოსილების მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებას ითვალისწინებს.
ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტები შავი ზღვის სანაპიროზე
საკრებულომ დაამტკიცა სამართლებრივი აქტის პროექტი _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების ადგილების განსაზღვრის შესახებ”.
აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სანაპირო ზოლის მოწესრიგებასა და ზომამცირე გემებისთვის განსაზღვრული ადგილების გამოყოფას ითვალისწინებს.
საკითხის რეგულირება მნიშვნელოვანია როგორც სანაპირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, ისე უსაფრთხოებისა და გემების გადაადგილების კონტროლისთვის.
ტურისტული კომპლექსი შრომაში
საკრებულოს წევრებმა განიხილეს საკითხი _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ტურისტული და დასასვენებელი კომპლექსის, დამხმარე ინფრასტრუქტურით, მშენებლობისთვის დეტალური გეგმის შემუშავების, ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე”.
საკითხი ოზურგეთის მერის გადაწყვეტილების შეთანხმებას ეხებოდა.
პროექტი შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში ტურისტული და დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური გეგმის მომზადებას ითვალისწინებს.
დაგეგმილი კომპლექსი, ძირითადი ობიექტების გარდა, შესაბამისი დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობასაც მოიცავს.
ბეტონის საწარმოს პროექტი ნატანებში
საკრებულომ, ასევე, იმსჯელა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბეტონის საწარმოს მოწყობასა და მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე.
სამართლებრივი აქტის პროექტი საწარმოსა და შესაბამისი დამხმარე ინფრასტრუქტურისთვის დეტალური გეგმის შემუშავებას, ინიცირებასა და დავალების გაცემას ითვალისწინებს.
საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა
სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა სამართლებრივი აქტის პროექტი _ “მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ”.
დოკუმენტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ უძრავი ქონების ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომლის პრივატიზებაც შესაბამისი პროცედურების დაცვით იქნება შესაძლებელი.
ამრიგად, 29 ივლისის სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რის შედეგადაც ბიუჯეტის მოცულობა 93 509,3 ათასი ლარით განისაზღვრა.
საკრებულომ, ასევე, მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის იერსახის, გარემოსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების პროგრამებში შესატან ცვლილებებსა და მუნიციპალიტეტის განვითარების სხვადასხვა პროექტს.
The post ოზურგეთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა appeared first on გურია ნიუსი.