სიახლე

“სტიქიას ვერ შევაჩერებთ, თუმცა, გონივრული ქმედებებით რისკების შემცირება შეგვიძლია”

GuriaNews

30 აგვისტოს უხვმა ნალექმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს სერიოზული პრობლემები შეუქმნა _ ადიდებული მდინარეები და ღელეები ეზოებში შევარდა, მოგლიჯა სხვადასხვა სახის ხეები, დატბორა სახლები, ძლიერმა ქარმა კი რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. სტიქიის პირველი დღე “გურია ნიუსმა” სტიქიის შესახებ პირველი ვიდეო ინფორმაცია 30 აგვისტოს, 19:41 საათზე გაავრცელა. ვიდეოში ასახული იყო სოფელ ჭანიეთის მიმდებარე ტერიტორია, სადაც წაქცეული […] The post “სტიქიას ვერ შევაჩერებთ, თუმცა, გონივრული ქმედებებით რისკების შემცირება შეგვიძლია” appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

30 აგვისტოს უხვმა ნალექმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს სერიოზული პრობლემები შეუქმნა _ ადიდებული მდინარეები და ღელეები ეზოებში შევარდა, მოგლიჯა სხვადასხვა სახის ხეები, დატბორა სახლები, ძლიერმა ქარმა კი რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.

სტიქიის პირველი დღე

“გურია ნიუსმა” სტიქიის შესახებ პირველი ვიდეო ინფორმაცია 30 აგვისტოს, 19:41 საათზე გაავრცელა. ვიდეოში ასახული იყო სოფელ ჭანიეთის მიმდებარე ტერიტორია, სადაც წაქცეული ნაძვის ხეების გამო ცენტრალური გზა ჩაიხერგა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა დამიანე გორდელაძემ, რომელსაც სოცქსელში “მარტოკაცის” სახელით იცნობენ, სოფელ ლიხაურში ადიდებული მდინარე აჭის ვიდეოკადრები გაავრცელა. მისივე თქმით, წყალი საცხოვრებელ კარმიდამოებშიც შევარდა.

მოგვიანებით, სოფელ გორისფერდიდან ადგილობრივმა მიშა ლომინაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ წაიღო ეზოში შევარდნილმა წყალმა საძროხე. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ლომინაძის მეზობლებსაც.

20:11 საათზე სტიქიის შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია გავავრცელეთ _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების ნაწილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში იმყოფებოდა. ფოტოებს სოციალურ ქსელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლიხაურში, ნანა წითლიძე ავრცელებდა.

“ოქროსმუხუროს ერთ–ერთ უბანში ხე წაიქცა და ენერგოგადაცემის ხაზებს დაეცა. ეს ადგილი ამ წუთებში გათავისუფლებულია. ადგილზე არიან გურიის გუბერნატორის მოადგილე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე და ადგილზე ეცნობიან სიტუაციას. ასევე, ამ წუთებში სოფელში ორი ექსკავატორია და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს“, _ გვითხრა ნანა წითლიძემ.

20:25 საათი: გურიის რეგიონში ძლიერმა წვიმამ სხვადასხვა სოფელში გადაადგილებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები სტიქიის ზონებში მუშაობას განაგრძობდნენ.

როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, არსებული მონაცემებით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ინფორმაციით, ძირითადად, დაზიანებული იყო ხეები, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა. ადგილზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში, სტიქიამ ინფრასტრუქტურაც დააზიანა. ადგილობრივების ცნობით, უნივერსიტეტის ქუჩაზე წაქცეულმა ნაძვის ხეებმა ელექტროგადამცემი ხაზები გაწყვიტა.

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა “გურია ნიუსს” აცნობა, სამაშველო სამსახურმა საავტომობილო გზა გაწმინდა, თუმცა, დასახლებას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებოდა _ აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსმა” 21:02 საათზე გაავრცელა.

“ანასეულში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ნაძვის ხეები წაიქცა და ენერგოხაზები დააზიანა. სამაშველომ გზა გაწმინდა, მაგრამ დენის კაბელები დაზიანებულია. შუქი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. დავრეკეთ “ენერგო–პრო ჯორჯიაში” და ველოდებით, როდის მოვლენ ხაზების აღსადგენად“, _ გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის ფილიალის მენეჯერის, გია ნაკაიძის თქმით, იმ დროისთვის სოფელ ჭანიეთში ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, იმ სოფლების უმრავლესობაში, სადაც სტიქიის დროს ელექტროენერგია გაითიშა, მისი მიწოდება უკვე აღდგენილი იყო (საუბარი 21:00 საათზე შედგა).

პრობლემა დარჩენილი იყო მხოლოდ ცალკეულ ლოკაციებზე, მათ შორის უნივერსიტეტის ქუჩაზე.

“კონკრეტულ ადგილას ვიმყოფებოდი და დღეს, 30 აგვისტოს, შუქის აღდგენა ვერ მოხერხდება. წაქცეულმა ხეებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ელექტროგადაცემის ბოძებსა და სადენებს“, _ გვითხრა გია ნაკაიძემ.

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც გარკვეულ დასახლებებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

“ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. “ენერგო–პრო ჯორჯიას” ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, რათა წარმოქმნილი პრობლემები დროულად აღმოიფხვრას“, _ უთხრეს “გურია ნიუსს” ადმინისტრაციაში.

სტიქიის მეორე დღე

უკანავაში (სოფელ მთისპირის თემი) მცხოვრები ანზორ და მერი შავაძეების კარმიდამოს 30 აგვისტოს მოსულმა ნალექმა სერიოზული ზიანი მიაყენა.

“საშინელება იყო! გზა აღარ არის და ყანა ფეხზე აღარ დგას. თხილის მოსავალიც აღარ არის. ბოსტანიც განადგურებულია. მთელ გზაზე მდინარესავით მოდიოდა წყალი და მოჰქონდა ქვა–ღორღი“, _ გვეუბნება ანზორ შავაძე.

მერი შავაძე ამბობს, რომ მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია გზის საკითხის მოგვარება:

“სახლში ორი შშმ პირი მყავს და ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია გზის საკითხის მოგვარება. ჩემი მეუღლე ყოველ მეორე დღეს დიალეზის ცენტრში დადის და არ ვიცი, ახლა ამას როგორ მოვაგვარებ. ვიცი, რომ სტიქიას წინ ვერავინ აღუდგება, მაგრამ ახლა ყველასთან მაქვს თხოვნა _ ამ საკითხით დაინტერესდეს ადგილობრივი მთავრობა და გზა აღადგინონ“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ მთისპირში, ვლადიმერ ჩავლეშვილი “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ძლიერი ნალექის შედეგად ორ ადგილზე მეწყერი ჩამოწვა:

“დილის ცხრა საათიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. უკანავაში, დაახლოებით, ერთ საათში ავალთ და მოხერხდება გზის მოწესრიგება. მინდა, გითხრათ, რომ დროულად გვარდება ის პრობლემები, რაც გუშინ სოფელს მიადგა“, _ გვითხრა ვლადიმერ ჩავლეშვილმა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემას.

“ძლიერმა ნაკადმა სატუმბი სადგურის საძირკველი გამორეცხა, რის შედეგადაც ობიექტი ნაწილობრივ წყლით დაიფარა და მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია შეუძლებელი გახდა. ამასთან, დაზიანებულია სადგურის შემსვლელი და გამსვლელი მილსადენები, რაც სისტემაში წყლის მიღებასა და ქსელში მიწოდებას აფერხებს“, _ ამბობენ კომპანიაში.

“დაზიანების მასშტაბიდან და რთული ჰიდროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს: წყლის დონის შემცირებასა და ობიექტთან უსაფრთხო მისასვლელის უზრუნველყოფას, ტერიტორიის გაწმენდას, სატუმბი სადგურისა და მილსადენების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, დაზიანებული მონაკვეთების აღდგენასა და სისტემის ეტაპობრივ გამოცდას“, _ ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

31 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, პირველი განცხადება გაავრცელა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამაც _ ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე და მისი მოადგილე ნიკა ბოლქვაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ძლიერი წვიმის შედეგად სოფლებში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ _ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, მობილიზებული იყო “ენერგო–პრო ჯორჯიას” ჯგუფები. ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. ამ ეტაპზე მუნიციპალური სამსახურებისა და შესაბამისი უწყებების ჩართულობით, არსებული გამოწვევების დროული და ეფექტური მოგვარების მიზნით, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, _ აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია “ეკოს” დამფუძნებელი ირმა გორდელაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ სტიქიის დროს მთავარი პასუხისმგებლობა სახელმწიფო სტრუქტურებს ეკისრება, თუმცა, მნიშვნელოვანია მოქალაქეების პასუხისმგებლობაც:

“ჩვენი მდინარეები მთისაა, ღვარცოფებითა და მოვარდნებით ხასიათდება, რის გამოც აუცილებელია დამბებისა და დამცავი ჯებირების მოწყობა. უხვი ნალექის დროს ქალაქის ქუჩები თუ სოფლები იმის გამო იტბორება, რომ სანიაღვრე ქსელი საერთოდ არ არსებობს ან გაუმართავია.

რაც შეეხება მოქალაქეთა პასუხისმგებლობას _ მდინარის ჭალაში შენობა–ნაგებობები არ უნდა ააგონ. ჭალა მდინარისაა, ხოლო სადაც სახლები უკვე აშენებულია, მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას დამბების მოწყობა უნდა მოსთხოვოს. გარდა ამისა, ყველამ უნდა გაწმინდოს საკუთარი ეზოს წინ არსებული არხები, რომლებიც ნაგვითაა გაჭედილი.

გლობალური დათბობა ბევრ კატაკლიზმს მოიტანს. აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება სტიქიამდე და არა მხოლოდ შედეგებზე ვიშვიში. სტიქიას ვერ შევაჩერებთ, თუმცა, გონივრული ქმედებებით რისკების შემცირება შეგვიძლია. სტიქიის დროს ყველა ღელე მდინარედ იქცევა. ქალაქებსა და სოფლებში ეს ღელეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა სავსე, წყალმოვარდნისას ნარჩენები ხიდების ქვეშ იჭედება და წყალი ქუჩებში გადმოდის“, _ ამბობს ირმა გორდელაძე.

ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია, რა ოდენობის ზარალი მიადგა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 30 აგვისტოს სტიქიის შედეგად _ “გურია ნიუსი” ამის შესახებ ინფორმაციას მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

The post “სტიქიას ვერ შევაჩერებთ, თუმცა, გონივრული ქმედებებით რისკების შემცირება შეგვიძლია” appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი