სააგენტო "პარალელი"
“ჩემი აზრით, ამერიკას და ისრაელს სრული უფლება აქვთ, რასაც აკეთებენ” – გია ნოდია
განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებას ახდენს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:
“ხშირად ამბობენ, რომ მიმდინარე ომით ტრამპი საერთაშორისო სამართალს ასამარებს. ეს ძლიერი არგუმენტია.
საპირისპირო არგუმენტია, რომ ვერ დაასამარებ იმას, რაც უკვე დიდი ხანია მკვდარია (ან არც არასოდეს უარსებია). ეს კიდევ უფრო ძლიერი არგუმენტია.
რანაირადაა ორივე მართალი? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვუპასუხებთ კითხვას: „და რა არის საერთაშორისო სამართალი?“ ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი ჯერ არავისგან მომისმენია. არადა, მაინტერესებს.
საერთაშორისო სამართალი მართლა არსებობს, როგორც საერთაშორისო შეთანხმებების (ორმხრივი, მრავალმხრივი, არა აქვს მნიშვნელობა) ერთობლიობა. რომ დადებ შეთანხმებას, ვალდებული ხარ, დაიცვა.
პრობლემა ისაა, რომ ამ სამართლის აღსრულების მექანიზმი ფაქტობრივად არ არსებობს. ვითომ გაერო უნდა იყოს, მაგრამ მას ამის უნარი არა აქვს (და მისი რეზოლუციების სამართლიანობაც ეჭვს იწვევს).
ჰააგის სასამართლო რა არის, დიდად არ მესმის. ვთქვათ, გადაწყვიტა, რომ პუტინი (ან ნეთანიაჰუ, ვინც გინდა) ომის დამნაშავეა. რა მერე? მეც დავწერ ფეისბუქზე: “პუტინი დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს“. რა პრინციპული განსხვავებაა?
შედარებით რეალისტური ვარიანტია „მსოფლიო პოლიციელი“: ან ერთი ქვეყანა (ასეთი მხოლოდ ამერიკა შეიძლება იყოს) ან ქვეყნების ჯგუფი (კოლექტიურად დასავლეთი). მაგრამ ამას მერე “იმპერიალიზმს“ უძახიან. კანონიერი კითხვებიც ისმება: რამდენად შერჩევითია ეს სამართალი? იქნებ „მსოფლიო პოლიციელს“ რეალურად საკუთარი ინტერესი ამოძრავებს? ან აქვს კი ამას რესურსი და პოლიტიკური ნება თავისი ფუნქცია შეასრულოს?
მიმდინარე ომის სამართლებრიობა, ცხადია, საკამათოა, მაგრამ მის სასარგებლოდ სერიოზული არგუმენტები არსებობს. „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ირანის საგარეო პოლიტიკის ოფიციალური პრინციპებია. ეს არ არის მხოლოდ მუქარა: ირანი ამ პრინციპებით რეალურად მოქმედებს, განსაკუთრებით, ისრაელის მიმართ. მეტ ზიანს მხოლოდ იმიტომ ვერ აყენებს, რომ არ შეუძლია – თორემ ცდას არ აკლებს. ირანის საფრთხე რეალურია (მართლა რომ გააკეთოს ის ბირთვული იარაღი)?
ჩემი აზრით, ამერიკას და ისრაელს სრული უფლება აქვთ, რასაც აკეთებენ. ვთქვათ, უკრაინაში რუსეთის ქმედებას ვერც შეადარებ: უკრაინას რუსეთისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია და ეს არც უცდია.
ტრამპის ომის მთავარი პრობლემაა არა ლეგიტიმურობა, არამედ ეფექტიანობა. სახელდობრ, რას მიაღწევს? საბოლოოდ, ეს ომი ამერიკის ძალას აჩვენებს თუ სისუსტეს? ირანის რეალურ მოკავშირეებს (რუსეთს, ჩინეთს) დაასუსტებს თუ, პირიქით, გაათამამებს? ეს ომი ამის მიხედვით უნდა შევაფასოთ. ამაზე კი პასუხები ჯერ არ გვაქვს“, – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.
“ჩემი აზრით, ამერიკას და ისრაელს სრული უფლება აქვთ, რასაც აკეთებენ” – გია ნოდია
პარალელი