ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა და ამას არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა აქვს, მეტ-ნაკლებად დაიწყოს დიალოგის პროცესი და გარკვეული ნაბიჯები გამოასწოროს, „გააუქმოს დრაკონული და რეპრესიული კანონები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები“.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მოსაზრება აღარ არის და სახელები აქვს დარქმეული.
„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული დასკვნა ასახავს ფაქტების ერთობლიობას, რომელსაც ვაკვირდებით ბოლო 2-3 წელია. რეკომენდაციებიც არის ისეთი, როგორიც აუცილებელია, რომ სურათი შეიცვალოს. დასკვნა ძალიან მკაცრია. შესაძლოა კრიტიკული იყო ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და შეფასებები, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო იყო ძალიან მოწინავე დემოკრატიული გარდაქმნების თვალსაზრისით ძალიან ბევრი ეტაპის განმავლობაში, აქამდე რომ მივიდა და აქამდე ჩამოიშალა საქართველოს სახელმწიფო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ძალიან მძიმეა. ამას ძალიან არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება, რომლის პასუხებიც ანგარიშზე არაადეკვატურია – პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა.
კრიტიკულ სიტუაციებში გამოიყენება ეს მექანიზმი, რომელიც ქმნის ობიექტურ ექსპერტულ დასკვნას, რომელიც დიდწილად სარეკომენდაციოა, სარეკომენდაციო ქვეყნისთვის და აძლევს შანსს, რომ თუ ამას გამოასწორებ დაბრუნდები ნორმალურ მდგომარეობაში, ხოლო არ გამოსწორების შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოებს, ფართო საზოგადოებაში აძლევს ექსპერტთა ჯგუფი რეკომენდაციას, რომ გადაიდგას კონკრეტული და მძიმე ნაბიჯი. ვინ როგორ გამოიყენებს, ჯერ არ ვიცით.
როდესაც ევროკავშირის ასეთი მომწიფებული მწვავე რეაქციებია, ბრიტანეთში დაწყებულია სანქციების განხილვა და ნაბიჯები გადადგმულია, აშშ-დან სანქციებია, ეს რეკომენდაციების პაკეტი, იძლევა საშუალებას, გამოყენებული იყოს სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, როგორც მტკიცებულებები“, – აღნიშნავს ცქიტიშვილი.
The post დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება appeared first on გურია ნიუსი.