ძალა ერთობაშია – ქუთაისში 22 მარტს აქცია დაიგეგმა. უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ქუთაისში მერიის წინ აქცია 15:00 საათზე დაანონსეს.
“საქართველოში უკვე წელიწადნახევარია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანია ევროპული განვითარება, სადაც უზრუნველყოფილია თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრება, უსაფრთხოება და თავისუფლება.
დღეს ქვეყანას მართავს მცირე ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ცდილობს საზოგადოება დაყოს და გააუცხოვოს. სწორედ ამიტომ, ერთიანობას დღეს ალტერნატივა არ აქვს.
ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს – ჩვენ გვაერთიანებს როგორც საერთო წუხილი, ასევე საერთო მიზნები და საერთო მომავლის რწმენა.
დაწყებულია ფართო სამოქალაქო თანხმობის პროცესი, რომლის მიზანია არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაძლიერება და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფა.
22 მარტს ქუთაისი, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული დედაქალაქი, კიდევ ერთხელ გახდება ადგილი, სადაც მოქალაქეები აჩვენებენ, რომ ქვეყნის მომავალი საზოგადოების ერთიანობაზე, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობაზე დგას.
ამ პროტესტში მონაწილეობას მიიღებენ მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რადგან ეს ბრძოლა ყველას გვეხება.
22 მარტს, ქუთაისში, 15 სთზე, შევიკრიბოთ ჩვენი სახელმწიფოს დევიზის გარშემო:
„ძალა ერთობაშია“!” – ნათქვამია გავრცელბულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამას ქვეყნის მასშტაბით აქციები მოჰყვა, რაც საქართველოს მაშტაბით დღემდე გრძელდება.