ბაღათის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეების მიერ სატრანსპორტო საშუალებაში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმის 54 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 103 შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებმა მათთვის გამოყოფილი სამსახურებრივი საწვავით შვებულებაში ყოფნის დროს ისარგებლეს.
“საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი „ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის შესახებ“, თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი შესრულება. ბაღდათის მუნიციპალიტეტს მთავრობის რეკომენდაციით განსაზღვრული სამართლებრივი აქტი მიღებული არ აქვს.
2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა 7-8 განპიროვნებულ და 4-5 სამორიგეო ავტომანქანას. გარდა ამისა, დამატებით სარგებლობდა საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებული 40-25 ავტომობილით. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა საანგარიშო პერიოდში გახარჯა 100.6 ტონა საწვავი, საიდანაც კერძო ავტომობილებმა მოიხმარეს 52.8 ტონაზე მეტი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს დანერგილი არ აქვს აგაი სისტემა და საწვავი გაიცემა ელექტრონული ბარათებით.
აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია. გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებასა და რაციონალურ ხარჯვაზე, კერძოდ:
- ავტოსატრანსპორტო საშუალებებში დოკუმენტურად ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. სულ 2022-2023 წლებში გამოვლინდა 54 მსგავსი შემთხვევა და ავტომობილების ავზში ჩასხმულია 3246 ლიტრზე მეტი საწვავი; ამასთანავე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში 20 შემთხვევაში დროის მცირე მონაკვეთში საწვავი დოკუმენტურად ჩასხმულია რამდენჯერმე, რაც მანქანების ავზის მოცულობებიდან და ტექნიკური მონაცემებიდან (წვის ნორმა) გამომდინარე, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა. ამ გზით სულ ჩასხმულია 979.87 ლიტრი საწვავი. აღნიშნული შეუსაბამობები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტული ავტომანქანისათვის განკუთვნილი საწვავი ჩასხმულია არაავტორიზირებულ სატრანსპორტო საშუალებაში;
- შვებულების დროს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით, რადგან მათი სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებულია. მიუხედავად ამისა, საჯარო მოსამსახურეებმა 103 შემთხვევაში 2.4 ტონაზე მეტი საწვავი ჩაასხეს შვებულებაში ყოფნის პერიოდში, რაც არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
- საჯარო მოსამსახურეებმა 71 შემთხევაში 1.5 ტონამდე საწვავი ჩაასხეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარეთ მდებარე ავტოგასამართ სადგურებში, რაც სავარაუდოდ, არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას”, – ნათქვამია ანგარიშში.
დასკვნაში აუდიტის სამსახურის რეკომენადაციის სახით ნათქვამია, რომ საკრებულომ, მერიასთან შეთანხმებით, უნდა განსაზღვროს კონტროლის მექანიზმები და შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა. ამასთან, მერიამ უნდა დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი, საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით.
“სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგისათვის კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
წყარო; bpn