| საქართველოს ენერგეტიკული სექტორი ტრანსფორმაციის ეტაპს გადის. _ გაზრდილი მოხმარება, სეზონური დეფიციტი და რეგიონული გეოპოლიტიკური დინამიკა ქმნის ერთ მთავარ კითხვას, როგორ ავაშენოთ მდგრადი, დამოუკიდებელი და საინვესტიციოდ მიმზიდველი ენერგეტიკული სისტემა? პასუხი არის დივერსიფიცირებული, გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) სტანდარტებზე დაფუძნებული გენერაცია მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით.
დღეს, როდესაც აქტიურად ვსაუბრობთ ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, საინტერესოა, როგორ ისმის CSR ენერგეტიკაში? ამ თემაზე სასაუბროდ შპს ,,პარვუს ჯგუფის“ კომუნიკაციებისა და სოციალური პროექტების მენეჯერს, ეკა ნონიაშვილს მივმართეთ: _ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) ბიზნესში ხშირად აღიქმება როგორც ღირებულებითი არჩევანი. სხვა სექტორებში CSR აძლიერებს ბრენდს. როდესაც შენ აშენებ ინფრასტრუქტურას, რომელიც ცვლის ლანდშაფტს და ეკოსისტემას – პასუხისმგებლობა იწყება პროექტის იდეის ეტაპიდან და არ მთავრდება ინვესტიციით. ეს მაღალი რისკის სექტორია, გარემოსდაცვითი და რეპუტაციული ნიშნით. – „პარვუს ჯგუფი“ აქტიურად ახორციელებს ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს. ათამდე მცირე და საშუალო ჰესია თქვენს ანგარიშზე, როგორ ზომავთ ამ პროექტების რეალურ გარემოსდაცვით გავლენას და რა ინდიკატორებს იყენებთ CO₂–ის შემცირების ან ეკოლოგიური ზემოქმედების შესაფასებლად? _ ენერგეტიკაში გარემოზე ზემოქმედება ვერ შეფასდება დეკლარაციებით, ის უნდა იზომებოდეს მკაფიო, რაოდენობრივი ინდიკატორებით. ჩვენ თითოეულ პროექტს ვუყურებთ სრული სიცოცხლის ციკლის პერსპექტივიდან -პროექტირების ეტაპიდან ოპერირებამდე. პირველ რიგში, ვთვლით რამდენი მეგავატსაათი განახლებადი ენერგია ანაცვლებს წიაღისეული საწვავით გენერაციას ეროვნულ ენერგობალანსში და, შესაბამისად, რამდენი ტონა ნახშირორჟანგი (CO₂) არ გაიფრქვევა ატმოსფეროში. ეს ანგარიში ეფუძნება საერთაშორისო ემისიის ფაქტორებს და სისტემურ ჩანაცვლების მოდელს. მაგალითისთვის, მდინარე ბჟუჟის ხეობაში კომპანიამ 30 მეგავატი სიმძლავრის ბასრა ჰესების მშენებლობით, გარემოში წლიურად 50 000 ტონა CO₂ -ის გამოყოფა შეამცირა. თუმცა CO₂ მხოლოდ ერთი პარამეტრია და ისიც არაპირდაპირი შემფასებელი ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში. ჰიდროპროექტების შემთხვევაში ჩვენ ვაკვირდებით ბიომრავალფეროვნას და ეკოსისტემებს. ჩვენთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ არის მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაცია. ეს არის აქტივის გრძელვადიანი ღირებულების დაცვა. პროექტი, რომელიც ეკოლოგიურ ბალანსს არღვევს, დროთა განმავლობაში იქცევა ფინანსურ და რეპუტაციულ რისკად. სწორედ ამიტომ, გარემოსდაცვითი მონიტორინგი არის უწყვეტი პროცესი. გარემოზე ზემოქმედების შეფასება მხოლოდ ნებართვის მისაღებად არ მზადდება, იგი წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც განსაზღვრავს პროექტის მდგრადობას 20–30 წლიან ჰორიზონტზე. – მცირე და საშუალო ჰესების განვითარება ხშირად უკავშირდება გარემოსდაცვით დისკუსიებს. როგორ უზრუნველყოფთ ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსებისა და ადგილობრივი ეკოსისტემების დაცვას პროექტების განხორციელებისას? _ ჰიდრო რესურსი საქართველოში მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის, ის ემოციური და იდენტობის ნაწილიცაა. სწორედ ამიტომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჩვენი პასუხისმგებლობა იწყება პროექტის შერჩევის ეტაპიდან. ყველა ლოკაცია გადის წინასწარ ეკოლოგიურ სკრინინგს, რათა თავიდანვე გამოვრიცხოთ მაღალი სენსიტიურობის ზონები. შემდგომი ეტაპი არის დეტალური გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც მოიცავს ბიომრავალფეროვნებაზე (მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები), წყალზე (მათ შორის, ჰიდრომორფოლოგიური ცვლილებები, რაოდენობა, ხარისხი), ჰაერზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ლანდშაფტსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზემოქმედების კვლევებს. . პროექტის განხორციელებისას ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე კრიტიკულ მიმართულებაზე: მდინარის ხარჯის მუდმივი დაცვა, თევზსავალის ეფექტიანი ოპერირება ან სხვა შემამსუბუქებელი საინჟინრო გადაწყვეტილებები, სამშენებლო ზონის მაქსიმალური ოპტიმიზაცია, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მიწის და ლანდშაფტის ტრანსფორმაცია და მშენებლობის შემდგომი აღდგენითი ღონისძიებები და მონიტორინგი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვა ერთჯერადი ღონისძიება არ არის. მონიტორინგი გრძელდება ოპერირების ეტაპზეც, რადგან ეკოსისტემები დინამიკურია და პასუხისმგებლობა დროში გადანაწილებული. ზოგადად, ენერგეტიკის მომავალი საქართველოში დამოკიდებულია იმაზე, შევძლებთ თუ არა ბალანსის დაცვას ეკონომიკურ საჭიროებასა და ბუნებრივ რესურსებთან ფრთხილ დამოკიდებულებას შორის. ჩვენი ამოცანა სწორედ ამ ბალანსის პოვნაა. _ რეგიონებში, სადაც „პარვუს ჯგუფი“ ახორციელებს ენერგო პროექტებს, როგორია თქვენი თანამშრომლობა ადგილობრივ თემებთან? როგორ ხდება მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში? _ როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემის ჩართულობა საწყის ეტაპზევე. ინფრასტრუქტურული პროექტი შეიძლება ტექნიკურად სრულყოფილი იყოს, მაგრამ თუ მას არ აქვს სოციალური ლიცენზია, ის გრძელვადიან პერსპექტივაში რისკის ქვეშ დგება. საჯარო განხილვები და კონსულტაციები ფორმალური პროცედურა არ არის. ეს არის ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ღელვა, მათი კითხვები რეალურად აისახება პროექტის დიზაინზე. სოციალური ჩართულობის მცირე დროით გადავადებაც კი იწვევს ნდობის კარგვას, პროექტი ჭიანურდება, იზრდება ფინანსური ხარჯი. ადგილობრივთა დროული ინფორმირება, გამჭვირვალე კომუნიკაცია, პოტენციური ზემოქმედების ღიად განხილვა, ადგილობრივი ეკონომიკური სარგებლის განსაზღვრა და საჩივრების მართვის მექანიზმის არსებობა განაპირობებს პროექტის წარმატებას. როდესაც თემი ხედავს, რომ პროექტი ქმნის დასაქმებას, კეთილდღეობას, აუმჯობესებს ინფრასტრუქტურას და არ არღვევს ეკოსისტემურ ბალანსს, ნდობა ბუნებრივად ყალიბდება. ენერგეტიკაში ნდობა არის სტრატეგიული რესურსი. – კონკრეტულად, რა სოციალური პროგრამები ან ინიციატივები ხორციელდება მიმდინარე პროექტების რეგიონებში? _ სტრატეგიულად ჩვენ სოციალურ პროგრამებს ვუყურებთ როგორც პარტნიორობას, ენერგოპროექტი უნდა გახდეს რეგიონული განვითარების ერთ-ერთი კატალიზატორი და არა მხოლოდ ენერგიის გამომუშავების ობიექტი. გრძელვადიან პერსპექტივაში ვცდილობთ სოციალური ინიციატივები იყოს არა სიმბოლური, არამედ მოთხოვნაზე დაფუძნებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ეკონომიკური სარგებელი დარჩეს რეგიონში და არ იყოს მხოლოდ ცენტრალიზებული ეფექტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოციალური ინიციატივები არ არის წინასწარ განსაზღვრული სტანდარტული პაკეტი. თითოეული პროექტი განსხვავებულ სოციალურ კონტექსტში ხორციელდება, გადაწყვეტილებები ეფუძნება ადგილობრივი თემის საჭიროებებსა და დიალოგს. რაც შეეხება მიმდინარე პროექტს გურიაში, საწყის ეტაპზევე გაფორმდა მემორანდუმი ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, სადაც თემში ობიექტის მშენებლობის პროცესში და ოპერირებიდან ყოველწლიურადაც განახორციელებს გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერას სხვადასხვა პროექტების სახით. შეხვედრების ფონზე გამოიკვეთა სამი მნიშვნელოვანი მიმართულება ინფრასტრუქტურა, განათლება და სამედიცინო მხარდაჭერა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განახლებადი ენერგიების ასოციაციის (გრედა) ინიციატივით პარლამენტში შევიდა პროექტი, რომლის მიხედვითაც ობიექტის ქონების გადასახადი, რომელსაც კომპანია გადაიხდის, მთლიანად უნდა მოხმარდეს თემს. ეს კანონი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კომპანიებსა და საზოგადოებას შორის კონსენსუსის მისაღწევად. – უფრო კონკრეტულად, რა პროექტები განხორციელდა შემოქმედის თემში მიმდინარე მშენებლობის ფარგლებში? _ ენერგეტიკა არის ტექნოლოგიური სექტორი და მომავალი კადრების განვითარება კრიტიკულია, შესაბამისად, პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინიციატივებია, ტრენინგები, სემინარები, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს წარმოდგენას განახლებადი ენერგიის სფეროზე და ქმნის ინტერესს ტექნიკურ პროფესიებზე. მიმდინარე პროექტის ფარგლებში თემის სამივე სკოლაში ჩატარდა გარემოსდაცვით და განახლებადი ენერგიების თემებზე ტრენინგები, ვორქშოფები და საინფორმაციო ტურები ობიექტზე. სოციალურად დაუცველი, შშმ პირებისთვის, ხანდაზმულთათვის გვაქვს სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამა, თემის მოთხოვნის მიხედვით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, საბავშვო ბაღში, სკოლებში, მოსახლეობის თხოვნით მიმდინარეობს საბჭოთა პერიოდის დროს დანგრეული ეკლესიის აღდგენა სოფელ გონებისკარში. ასევე რეგიონში საცხენოსნო სპორტის ტრადიციების აღდგენის მიზნით სხვადასხვა აქტივობების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ თემს და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან მდგრადი განვითარება და სარგებლის გადანაწილება ჩვენი ხედვის ამოსავალი წერტილია. – ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება რამდენად პრიორიტეტულია თქვენი პროექტებისთვის და რა წილს იკავებს ადგილობრივი სამუშაო ძალა საერთო გუნდში? _ მშენებლობის ეტაპზე ადგილობრივი სამუშაო ძალის ჩართვა ქმნის პირდაპირ ეკონომიკურ ეფექტს რეგიონში და ზრდის პროექტის მხარდაჭერას. ამ დროისთვის მაგალითად, მიმდინარე პროექტში გურიის რეგიონში, შემოქმედის თემში დასაქმებულთა 60% ადგილობრივია. მიმდინარეობს ადგილობრივთა გადამზადება, რომ მაქსიმალურად ადგილობრივთა ჩართულობით მოხდეს ჰესის ფუნქციონირება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დროებითი დასაქმება, არამედ უნარების განვითარება. ამიტომ პროფესიული გადამზადების შესაძლებლობები და ტექნიკური კვალიფიკაციის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტია. – როგორ რეაგირებთ საზოგადოების კრიტიკაზე გარემოსდაცვით თემებზე , _ ენერგეტიკაში კრიტიკა გამონაკლისი არ არის, ეს ნორმაა. განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც ბუნებრივი რესურსები ეროვნული იდენტობის ნაწილია. კრიტიკა არ უნდა იქცეს კონფრონტაციად, ის უნდა გადაიქცეს დიალოგად. პირველი ნაბიჯი არის გამჭვირვალე კომუნიკაცია. საზოგადოებრივი შეშფოთება ხშირად ინფორმაციის ნაკლებობიდან მოდის, და თუკი კომპანია უსმენს მოსახლეობას, ითვალისწინებს და ანგარიშს უწევს მათ, მინიმუმამდე დადის კრიტიკა მშენებლობის ეტაპზე. მეორე ნაბიჯი არის ფაქტებზე დაფუძნებული შეფასება. თუ კონკრეტულ საკითხზე ჩნდება კითხვა, მზად ვართ ჩავატაროთ დამატებითი ანალიზი ან მოვიწვიოთ დამოუკიდებელი ექსპერტები. და მთავარი, თუ მონიტორინგი აჩვენებს, რომ საჭიროა დამატებითი შემამსუბუქებელი ღონისძიებების განხორციელება, ჩვენ ამას განვიხილავთ არა როგორც სისუსტეს, არამედ როგორც პასუხისმგებლიან მართვას. ენერგეტიკაში ნდობა არის სტრატეგიული აქტივი. პროექტი, რომელსაც საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვს, გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის საოპერაციო, რეპუტაციულ და ფინანსურ რისკებს. ამიტომ ჩვენ კრიტიკას ვუყურებთ როგორც უკუკავშირს, მექანიზმს, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას პროექტი გავხადოთ უფრო გამჭვირვალე, უფრო უსაფრთხო და უფრო მდგრადი. – როგორ ხედავთ პარვუს ჯგუფის როლს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებაში CSR-ის კონტექსტში? _ ჩვენი მთავარი ხედვა საქართველოში ენერგეტიკის მიმართულებით არის გრძელვადიანი სტაბილურობის და თვითმყოფადობის შექმნა. ჩვენი პროექტები პირდაპირ უწყობენ ხელს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, რაც ქვეყანაში ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. თითოეული ჰესი, ქარის ან მზის სადგური ამცირებს ქვეყნის დამოკიდებულებას იმპორტირებულ რესურსებზე და ზრდის ადგილობრივი ენერგიის წილს, ჩვენი პროექტები ხორციელდება მუდმივი დიალოგის, ინფორმირების და ადგილობრივი დასაქმების პრინციპებით, რაც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურულ სტაბილურობას. სტრატეგიულად, პარვუს ჯგუფის მიზანია, რომ საქართველო დამოუკიდებელი, ენერგეტიკურად მდგრადი და სოციალურად სტაბილური ქვეყანა გახდეს ენერგო პროექტების განხორციელების საშუალებით, რომლებიც ქმნიან როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ სარგებელს.
– როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ენერგეტიკული კომპანიების სოციალური _ მომდევნო 5–10 წელი საქართველოს ენერგეტიკისთვის იქნება გარდამტეხი. ქვეყანა ერთდროულად ცდილობს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინვესტიციების მოზიდვას და გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას. ამ კონტექსტში სოციალური პასუხისმგებლობა აღარ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი კომპონენტი, ის უნდა გახდეს ოპერირების ძირითადი პრინციპი. ჩემი აზრით, მთავარი სტანდარტი სამი მიმართულებით უნდა ჩამოყალიბდეს: პროგნოზირებადობა და გამჭვირვალობა – ენერგეტიკული პროექტები მრავალწლიანია და საზოგადოებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ მკაფიო კომუნიკაცია, რეალური მონაცემების ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილებების არგუმენტირებული ახსნა. ნდობა უნდა იყოს სისტემური, არა სიტუაციური. სოციალური ლიცენზია როგორც აუცილებელი პირობა – ფორმალური ნებართვა აღარ არის საკმარისი. თუ პროექტს არ აქვს თემის მინიმუმ ნეიტრალური მხარდაჭერა, ის გრძელვადიან პერსპექტივაში რისკის მატარებელია. პასუხისმგებელი კომპანია ნიშნავს მუდმივ დიალოგს, წინასწარ კონსულტაციებს და ადაპტირების მზადყოფნას. გარემოსდაცვითი ეფექტის გაზომვადობა – მომავალში აღარ იქნება საკმარისი განცხადება, რომ პროექტი „მწვანეა“. კომპანიებმა უნდა აჩვენონ კონკრეტული მაჩვენებლები: ემისიების შემცირება, წყლის რესურსის მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა. პასუხისმგებლობა უნდა იყოს დოკუმენტირებული და გაზომვადი. საქართველოში ენერგეტიკული სექტორი ქვეყნის სტრატეგიული ნაწილია. ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტი მომდევნო წლებში უნდა ეფუძნებოდეს ერთ პრინციპს: ენერგია უნდა ქმნიდეს არა მხოლოდ ეკონომიკურ ღირებულებას, არამედ საზოგადოებრივ სტაბილურობას და გარემოსდაცვით ბალანსს. ეს არის ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სექტორის გრძელვადიან განვითარებას და საზოგადოების ნდობას. |
The post კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ენერგეტიკაში – ფართო გაგებით პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე appeared first on გურია ნიუსი.

