
„არცერთი დემოკრატიული თუ ევროპული ქვეყანა, ამ ანგარიშის მიუკერძოებლობას არ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და მათთვის ეს იქნება ამოსავალი წერტილი შემდგომი ნაბიჯებისთვის,”- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, დიპლომატმა ელგუჯა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიში იძლევა საშუალებებს, რომ ამოქმედდეს პერსონალური სანქციები.
„თუნდაც არაფორმალური განხილვა, საქართველოზე მსჯელობა, ეს არის კულმინაცია იმ მოვლენების ჯაჭვის, რაც მანამდე იყო. არცერთი დემოკრატიული თუ ევროპული ქვეყანა, ამ ანგარიშის მიუკერძოებლობას არ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და მათთვის ეს იქნება ამოსავალი წერტილი შემდგომი ნაბიჯებისთვის.
ეს ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიში იძლევა საშუალებებს, რომ მაგალითად, ისეთი მექანიზმები ამოქმედდეს, როგორიც არის პერსონალური სანქციები; ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივებს შეეხოთ ეს სანქციები.
აქედან გამომდინარე, როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა და თავი დაიმშვიდონ, მათ ზუსტად იციან, რომ ორ ცეცხლშუა არიან. ორი გამოსავალი აქვთ: ან ის რეკომენდაციები, რომლებიც არის მითითებული ამ ანგარიშში უნდა შეასრულონ და თუ არ შეასრულებენ ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას და მაგას დამატებული, იმ პერსონალური სანქციების ამოქმედებას.
ერთი რამე ავიწყდებათ „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა. ყოველ შემთხვევაში ამ დინამიკის პროცესშია. საქართველო ვერ მოიქცევა ისე, როგორც მაგალითად, შუა აზიის ქვეყნები, რადგან ეს შუა დერეფანი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ანუ ენერგია, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ნუ ამ გეოგრაფიული მდებარეობის გამო.
“მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში – პერსონალური სანქციების საფუძველი?
მე არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მალე იქნება თუნდაც კონკრეტული პირების მიმართ პერსონალური სანქციები, ყოველ შემთხვევაში, უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან და ასევე შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეები იყვნენ აი ამ წამებასთან გათანაბრებულ ძალადობაში და ასე შემდეგ,” – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
კითხვაზე, რა მძიმე ეკონომიკური ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს საქართველოსთვის „მოსკოვის მექანიზმის“ სრულფასოვნად ამოქმედება? ელგუჯა ხოკრიშვილმა უპასუხა:
„ქართული ოცნების” ქმედებამ უკვე მოუტანა ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები და მძიმე დანაკარგები, თუნდაც ამ კეთილდღეობის კუთხით ყველა ჩვენს მოქალაქეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში რომ გადადგმულიყო ის ნაბიჯები, ის დემოკრატიული რეფორმები განხორციელებულიყო და ის სიკეთეები მიგვეღო, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას…
მათ შორის, მოლდოვის მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ, აქ არის მილიარდობით ინვესტიციებზე და ასევე ძალიან ბევრ სიკეთეზე საუბარი, იგივე როუმინგის სივრცე, სადაც ჩვენ მოქალაქეებს შეეძლოთ ფულის დაზოგვა და ასე შემდეგ, ახლა სათითაოდ ყველა სიკეთე რომ არ ჩამოვთვალო, უკვე ქვეყანას მიადგა ეს ზარალი. მარტო ქვეყანას არა, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა დაიკარგა ამით. მაგრამ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებით, ეს ანგარიში უბრალოდ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბაზას ქმნის, რომ თვითონ მონაწილე პირების {პირდაპირ თუ არაპირდაპირ} პასუხისმგებლობა დადგეს.
„ქართული ოცნების” პირობებში – ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად (ევროკავშირის ბაზართან რაც წლების განმავლობაში მიდიოდა ინტეგრაცია, შეჩერება) რუსული ეკონომიკის და ამ რაღაც რუხი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი გახდა. ანუ უკვე მოწყვლადი გახდა ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, ამაზე მეტ დანაკარგს ვერანაირად ვეღარ მიიღებს”, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
ცნობისთვის, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა.