„ეს მეწყერი ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია“ – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გეოლოგი და ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში დაწყებულ მეწყრულ პროცესებს. მისი თქმით, პროცესი ქვის კარიერებმა გამოიწვია, რომლებიც სოფლის თავზე დიდი რაოდენობით იყო განლაგებული.
ინფორმაციისთვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი 12 მარტს ჩამოწვა. მეწყრული ზონიდან, რომელმაც 58 ჰექტარი მოიცვა, 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, 10 საცხოვრებელი კი მთლიანად დაინგრა.
„კურსების პრობლემა ცოტა სხვანაირი პრობლემაა, იქ არის ქვის დიდი კარიერები, მათ შორის, როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური. ეს კარიერები პირდაპირ სოფლის თავზე არის და Google map-შიც რომ ნახოთ, ეს ისინი საკმაოდ არაპროფესიონალურად არის განლაგებული. მე მგონია, რომ ეს მეწყერი ზუსტად ამ ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით ჩამოწვა, თუმცა პირადად ადგილზე არ ვყოფილვარ და თავადაც გეოლოგების დასკვნას ველოდები“, – აღნიშნა თვალჭრელიძემ.
„მეწყერი კურსებში ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია“
მისივე თქმით, საქართველოში დაახლოებით 7 500 მეწყერსაშიში ადგილია, ამიტომ ნებისმიერი მშენებლობა თუ გზის გაყვანა გეოლოგიური დასკვნის გარეშე არ უნდა ხდებოდეს.
„რაც შეეხება წყალტუბოს გზას, რომელიც ამის შემდეგ დაიმეწყრა, იქ ცოტა სხვა ფაქტორია, მაგრამ ზოგადად, რომ ვიცოდეთ, საქართველოში დაახლოებით 7 500 მეწყერსაშიში ადგილია და ძალიან ფაქიზად უნდა მუშაობა. არანაირი მშენებლობა, განაშენიანება, გზის გაყვანა გეოლოგიუირი დასკვნის გარეშე არ უნდა ხდებოდეს, რაც ჩვენ დავიწყებული გვაქვს. ყველაფერი ამის ბრალია“, – განაცხადა მან.