აუდიტის სკანდალური დასკვნა და ოზურგეთის მერიის დუმილი — Cnoba

GuriaNews სიახლე 19 Mar 2026, 11:21

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები: „ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები: მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 46.2% […] The post აუდიტის სკანდალური დასკვნა და ოზურგეთის მერიის დუმილი appeared first on გურია ნიუსი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:

„ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები: მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 46.2% და 30.3% დააკლდა.

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები: მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 8,162.6 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

გამოუყენებელი საპროექტო დოკუმენტაცია: ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში არსებული ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა შესყიდული საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზნებს.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაკლოვანებები: მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას შეძენილი საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. ხარვეზებით ჩაბარებული პროექტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და მშენებლობის დასრულებაზე. მიუხედავად ამისა, მერიას საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლებისა და საექსპერტო ორგანიზაციების მიმართ სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები: მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო პრიორიტეტების დოკუმენტით დასახული მიზნების მიღწევა. შედეგად, სასმელი წყლის ხარისხი რიგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. მუნიციპალიტეტის საქმიანობა სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისი იყო. აღნიშნული პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით სათანადო ღონისძიებები არ განუხორციელებია.

სტიქიის სალიკვიდაციოდ განხორციელებული არაეფექტიანი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობისთვის გადაცემული 3,921.4 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სამშენებლო მასალიდან ბენეფიციარების მიერ გამოყენებულია 2,165.6 ათასი ლარის ღირებულების (55.2%) მასალა. დახმარების მიმღები მოსახლეობის დარჩენილ ნაწილს სამშენებლო მასალები დასაწყობებული აქვთ.

ქონების მართვა და განკარგვა

ქონების მართვასა და განკარგვაში არსებული ხარვეზები –  მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად და დროულად მობილიზება. მუნიციპალიტეტმა ვერ დაიცვა მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესები, რადგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. ამასთანავე სრულად არ არის გამოყენებული გაფორმებულ ხელშეკრულებებში საიჯარო ფასის გადახედვის შესაძლებლობა. შედეგად, მუნიციპალიტეტი კარგავს კუთვნილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

ავტოპარკის მართვის ხარვეზები _ მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე. ამასთანავე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება და საქმიანობა ა(ა)იპ-ების საქმიანობაში არსებული ხარვეზები _ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის დასაქმებულთა ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა ვერ დასტურდება. ამასთანავე, ზოგიერთი ა(ა)იპ-ისათვის არ არის შექმნილი სათანადო სამუშაო პირობები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არსებობს კადრების მართვასა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზები.

საბიუჯეტო პროცესი

საბიუჯეტო ხარვეზები _ მუნიციპალიტეტის 2022-2024 წლების ბიუჯეტის პროექტები, დამტკიცებული ბიუჯეტები და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები არ მოიცავს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციებსა და განმარტებებს”, _ წერია აუდიტის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

სახელმწიფო აუდიტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

რეკომენდაცია №1:

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;

რეკომენდაცია №2:

მერიამ შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესი, რომლის ფარგლებში სამუშაოებს დაგეგმავს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას. მათ შორის, შეისწავლოს პროექტის პრიორიტეტულობა, შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულად დასრულებას, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას;

რეკომენდაცია №3:

მერიამ შეიმუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების წესი და განსაზღვროს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი პროდუქტის შეძენას; აღნიშნული უზრუნველყოფს ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოებისა და რეალური ვადების განსაზღვრას და გააუმჯობესებს საბიუჯეტო ასიგნებების გეგმურ და თანაბარ ხარჯვას. ამასთანავე, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში, საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, პროექტის ავტორის და საექსპერტო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

რეკომენდაცია №4:

მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგია ასევე უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

რეკომენდაცია №5:

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოების დასრულების მიზნით, მერიამ შეიმუშაოს პროცედურები და დანერგოს კონტროლის სათანადო მექანიზმები, რითაც შესაძლებელი იქნება სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. მერიამ შეისწავლოს დასაწყობებული სამშენებლო მასალების მდგომარეობა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები მათი შემდგომი გამოყენების უზრუნველსაყოფად;

რეკომენდაცია №6:

მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს ქონების მართვის სტრატეგია და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქონების განკარგვისა და ხელშეკრულებების ადმინისტრირების გაუმჯობესებას. მერიამ შეიმუშაოს კონტროლის სათანადო მექანიზმები მუნიციპალური ქონების თვითნებურად დაკავების თავიდან აცილების ან/და დროულად გამოვლენის მიზნით. მერიამ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები გაფორმებულ ხელშეკრულებებში სარგებლობის საფასურის საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური ქონების მართვის პროცესის გაუმჯობესებასა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას;

რეკომენდაცია №7:

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავისა და მოვლა-შენახვის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები. საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები. სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა;

რეკომენდაცია №8:

მერიამ, საკრებულოსთან ერთად შეიმუშაოს დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური განკარგვის პრინციპებს. სტრატეგიის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში მერიამ შეაფასოს სუბიექტების საქმიანობის მიმართულებები და სარგებლიანობა. ასევე, შეისწავლოს ორგანიზაციებში არსებული საკადრო პოლიტიკა, დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრისა და რეალური საჭიროების მხრივ. აღნიშნული ხელს შეუწყობს იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასა და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას.

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევები მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ციფრები არ არის. ადგილობრივი ოპოზიციისთვის ეს დასკვნა იმ კორუფციული და არაეფექტური მართვის დადასტურებაა, რომელზეც ისინი წლების განმავლობაში საუბრობდნენ.

ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი წევრი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე დავით მჟავანაძე მიიჩნევს, რომ აუდიტის მიგნებები პირდაპირ მიუთითებს საბიუჯეტო სახსრების მიზანმიმართულ გაფლანგვაზე.

_ აუდიტი წერს, რომ 1.7 მილიონზე მეტი ლარის მასალა ხალხს დაურიგეს, მაგრამ მათ ის არ გამოუყენებიათ. თქვენი ინფორმაციით, რატომ მოხდა ასე? ხომ არ დაურიგეს მასალები ისეთ ადამიანებს, ვისაც ეს არ სჭირდებოდა, თუ ხალხს სახლის ასაშენებლად სხვა რესურსი (ხელოსანი, დამატებითი თანხა) აღარ ეყო?

_ მე შემიძლია ზოგადი შეფასება გავაკეთო იმის შესახებ, რაც მოხდა სახურავებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ხშირად ვსაუბრობდი, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს ვესაუბრებოდი წინა საარჩევნო პერიოდში და კონკრეტული ფაქტები მომყავდა, როდესაც ამ ე.წ. თუნუქის სახურავებს იყენებდნენ წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ეს დახმარება აბსოლუტურად აცდენილი იყო მიზნებს და რეალობას. ვისაც ამის საჭიროება გააჩნდა, არ ეხმარებოდნენ ხშირ შემთხვევაში და ეხმარებოდნენ ისეთ ოჯახებს, ვინც პოლიტიკურად მათთვის ხმის მომტანი იყო. ხშირ შემთხვევაში რამდენჯერმე გაიცა ერთ ოჯახზე. მაგალითისთვის, საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იყო შემთხვევა როცა  გაასხვისეს სახურავები. ეს იყო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გამოყენება იმისთვის, რომ კონკრეტულ პარტიას ხმები დაეგროვებინა.

_ აუდიტი ადასტურებს, რომ ოზურგეთში სასმელი წყლის ხარისხი სტანდარტებს არ შეესაბამება. რომელი დასახლებებია ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში და რატომ ვერ მოაგვარა მერიამ ეს სისტემური პრობლემა ამდენი წლის განმავლობაში?

_ პრობლემას ვერ მოაგვარებ, როდესაც საქმეს უხარისხოდ გააკეთებ და შემდეგ თავიდან მიუბრუნდები. ხარჯავენ მილიონებს, აცხადებენ ტენდერებს, შემდე ვხედავთ რომ  პრობლემა ისევ მოუგვარებელია. მაგალითად, თუ არ ვცდები, სოფელ ჯუმათში იყო ბევრი წლის განმავლობაში პრობლემა, როცა მილიონობით ლარი იხარჯებოდა და შემდეგ თავიდან  აცხადებდნენ ტენდერს. როცა ტენდერს აფორმებ „ოცნებასთან“ დაახლოებულ პირთან, ამოცანა კი ისაა, რომ ვიღაცამ დიდი ფული ჩაიდოს ჯიბეში და შემდეგ „ატკატები“ წავიდეს, პრობლემა პრობლემად დარჩება. ეს არის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები _ იხარჯებოდა მილიონები და საქმე არ კეთდებოდა. ამაზე აქტიურად გვისაუბრია, როდესაც საკრებულოს წევრი ვიყავი. მაგრამ ყოველთვის ცდილობდნენ, ჩვენი ხმა არ გაჟღერებულიყო და თავდასხმაზე გადმოდიოდნენ.

როცა კონკრეტულ პრობლემაზე ვსაუბრობდით მათი პასუხი იყო: 9 წელი, 9 წელი.. 9 წელი.. გეგონება 2025 წელს უნდა ისაუბრო იმაზე თუ რა ხდებოდა 9 წლის წინ. ეს იყო მათი სტრატეგია, რომ აბსურდული თავდასხმებით ესაუბრათ. ცუდია, რომ თავის დროზე რეაგირება არ მოახდინეს, მარამ კარგია, რომ აუდიტის დასკვნა ამას საუბრობს. მართალია, მას სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია, მაგრამ იმედი მაქვს პროკურატურის თანამშრომლები გაეცნობიან და დაიწყებენ გამოძიებას, ხომ არ ჰქონდა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულს.

_ აუდიტის სამსახური წერს, რომ დასაქმებულთა ფუნქციური დატვირთვა ვერ დასტურდება; მიანიშნებს ე.წ. „მკვდარ სულებზე“ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რამდენი ადამიანია ფიქტიურად დასაქმებული და ხომ არ არის ეს პარტიული აქტივის საბიუჯეტო სახსრებით შენახვის მცდელობა?

_ რაც შეეხება ადამიანების დასაქმების საკითხს, აუდიტი საუბრობს იმას, რასაც ვსაუბრობდით წლების განმავლობაში. „ოცნებას“ ჰყავდა და ჰყავს დასაქმებული ადამიანები, რომელთა მთავარი ამოცანაა „ოცნების“ ყულაბაში ხმების მიტანა და ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანებმა ისიც კი არ იცოდნენ, სად იყო მათი სამსახურის შენობა ან რა ფუნქცია-მოვალეობები ჰქონდათ _ გადაეცემოდათ პლასტიკური ბარათი და ერიცხებოდათ ხელფასები. ვითხოვდით სახელგვარებს, ვინ მუშაობდა სხვადასხვა აიპში, მაგრამ ამ სიას ასაიდუმლოებდნენ _ ამბობდნენ, რომ პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახური უკრძალავდა, მაგრამ როცა ეს ეხება ფრაქციულ მუშაობას და როცა კანონი ავალდებულებდა, რომ ეს სიები მოეწოდებინა, იყო აბსოლუტურად აბსურდული არგუმენტები, მაგრამ ამას ერთი მიზეზი ჰქონდა _ დაემალათ ის აქტივი, რომელსაც კვებავდნენ ბიუჯეტის, გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე. ამაზე ხშირად გვისაუბრია, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩებოდა და როცა არჩევნები ახლოვდებოდა, უფრო ბერავდნენ სიას. შესაძლოა, სახელ გვარები არ ჩანს, მაგრამ საშტატო ნუსხას რომ გადახედოთ, გამოუცდელი ადამიანიც კი მიხვდება, რომ ზედმეტად დიდი რაოდენობის ადამიანები ჰყავდათ დასაქმებული.

_ აუდიტის სამსახური ამბობს, რომ ძვირადღირებული პროექტები მალევე გაფუჭდა. საუბარია 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებზე, რომლებიც ჩაბარებიდან მალევე დაზიანდა. შეგიძლიათ დაგვისახელოთ კონკრეტული სოფლები ან ობიექტები ოზურგეთში, სადაც გზა ან შენობა ძალიან მალე დაზიანდა?

_ ბაღები არის თემა, სადაც მილიონები ჩაირიცხა, მაგრამ ორმოები ამოთხარეს და არაფერი გაკეთებულა. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, სად რა ეტაპზე დაზიანდა, ამას სჭირდება მოკვლევა, შესწავლა.. ამიტომ საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიყვანო, საუბრისგან თავს შევიკავებ.

მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის დასკვნა ძირითადად წინა მერიის საქმიანობას მოიცავს, კითხვები მაინც დღევანდელ ადმინისტრაციასთან ჩნდება.

რამდენად მძიმე „მემკვიდრეობა“ ერგო ახალ ხელმძღვანელობას და აპირებენ თუ არა ისინი იმ ხვრელების ამოვსებას, საიდანაც წლების განმავლობაში მილიონობით საბიუჯეტო ლარი გაედინებოდა?- პასუხის მისაღებად სტატიის მზადების პროცესში მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ.

„მოგესალმებით. ვამზადებ სტატიას სახელმწიფო აუდიტის ბოლო ანგარიშზე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2024 წლების საქმიანობას ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში წინა ადმინისტრაციის პერიოდს მოიცავს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ახალი მერიის პოზიცია შემდეგ საკითხებზე:

რა გეგმა გააჩნია მერიას წყლის ხარისხის სისტემური პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დასკვნაშია ნახსენები?

მოხდება თუ არა ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია იმ ფონზე, როცა აუდიტი კადრების მართვის ხარვეზებზე მიუთითებს?“,_ ამ კითხვებით პრესსამსახურს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

საჯარო უწყების ეს დუმილი კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს იმ ფონზე, როცა საქმე ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვასა და მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ეხება.

The post აუდიტის სკანდალური დასკვნა და ოზურგეთის მერიის დუმილი appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური