მედია: რა უძრავ ქონებას ფლობენ სახელმწიფო უნივერსიტეტები — Cnoba

News.ge სიახლე 23 Mar 2026, 11:50

გასული წლის 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმა დააანონსა, 1 დეკემბერს კი უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია დამტკიცდა. კონცეფცია ეფუძნება იდეას – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, უფრო კონკრეტულად კი სახელმწიფო უნივერსიტეტებს განესაზღვრებათ პროფილი, რომელ პროგრამებზე ექნებათ აბიტურიენტების მიღების უფლება, სახელმწიფოს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში. კონცეფციაში აღნიშნული ჩანაწერებისა თუ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუებიდან საზოგადოებისთვის ცნობილი […]

გასული წლის 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმა დააანონსა, 1 დეკემბერს კი უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია დამტკიცდა.

კონცეფცია ეფუძნება იდეას – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, უფრო კონკრეტულად კი სახელმწიფო უნივერსიტეტებს განესაზღვრებათ პროფილი, რომელ პროგრამებზე ექნებათ აბიტურიენტების მიღების უფლება, სახელმწიფოს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში.

კონცეფციაში აღნიშნული ჩანაწერებისა თუ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუებიდან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ კონცეფცია გულისხმობს თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე საუნივერსიტეტო შენობების გაყიდვასა და რუსთავში ახალი ინფრასტრუქტურის აშენებას. ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს იმის შესახებ, რამდენ შენობას მოიცავს აღნიშნული ცვლილება და რა ვადებშია დაგეგმილი ამ ყველაფრის განხორციელება.

ირაკლი კობახიძემ გასული წლის 17 ოქტომბერს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავრობას „ამბიციური გეგმა“ აქვს: რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის გაფართოება და რუსთავსა და ქუთაისში ახალი საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა.

მისივე თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა შესაძლოა, თბილისის ცენტრში არსებული კონკრეტული შენობების რეალიზაციის საფუძველზე დაფინანსდეს.

კობახიძემ დააზუსტა, რომ ეს არ შეეხება იმ შენობებს, რომლებიც უმაღლესი განათლებისა და ქართული კულტურის იდენტობის ნაწილია – მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს, სამედიცინო და თეატრალურ უნივერსიტეტებს, კონსერვატორიასა და სამხატვრო აკადემიას, თუმცა, მისივე შეფასებით, არსებობს არაერთი კორპუსი, რომელთაც არ აქვთ კულტურული ან ისტორიული ღირებულება და შეიძლება ეკონომიკური აქტივობისთვის საინტერესო იყოს. ასეთი ქონების გაყიდვით, კობახიძის თქმით, შესაძლებელი იქნება „პრაქტიკულად ნულოვანი დანახარჯით“ ახალი, თანამედროვე კამპუსების შექმნა.

მკვლევართა ნაწილი კრიტიკულად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს უმაღლესი განათლების მიმართულებით. განათლების საკითხების მკვლევართა ნაწილის შეფასებით, უნივერსიტეტების თანხმობის გარეშე მათი შენობების მოსალოდნელი გაყიდვა როგორც ფინანსურ და ქონებრივ, ასევე აკადემიურ ავტონომიაში ჩარევის მძიმე პრეცედენტს შექმნის.

რა უძრავ ქონებას ფლობენ სახელმწიფო უნივერსიტეტები

განათლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტია. ამათგან 9 თბილისში მდებარეობს.

„პუბლიკამ“ თბილისში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გამოითხოვა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა. როგორც მიღებული ინფორმაციიდან ჩანს, სახელმწიფო უნივერსიტეტების ნაწილს უძრავი ქონება აქვს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მათ მიერ მოწოდებულ ნუსხაში უძრავი ქონება აღრიცხულია როგორც მათ „საკუთრებაში“, „ბალანსზე და „სარგებლობის“ კატეგორიებში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს „საცხოვრებელი უძრავი ქონების“ კატეგორიაში სულ 7 ფართი აქვს მითითებული. მათ შორისაა სტუდენტთა საერთო საცხოვრებლები. არასაცხოვრებელი შენობა – სულ 54, რომელთა შორისაა სასწავლო კორპუსები, რომლებიც, ძირითადად, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირსა და უნივერსიტეტის ქუჩაზეა განთავსებული. თსუ-ის უძრავი ქონების ნუსხ ასევე მოიცავს სხვადსხვა ინსტიტუტის შენობა-ნაგებობებს თბილისსა და რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ამ ნუსხაში აღრიცხული უძრავი ქონება არის როგორც უნივერსიტეტის საკუთრებაში, ასევე უნივერსიტეტის ბალანსზე და სარგებლობის უფლებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უძრავი ქონების ნუსხაში სულ 40 შენობა-ნაგებობაა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მათ შორისაა სასწავლო კორპუსები და შენობები კვლევითი მიზნებისთვის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისში სულ 11 სასწავლო კორპუსი აქვს. როგორც უნივერსიტეტიდან მოწოდებულ ინფორმაციაშია აღრიცხული, აღნიშნული სასწავლო კორპუსები (A,B,C,D,E,F,G,H,S,T) ვაკეში, ჭავჭავიძის გამზირსა და თამარაშვილის ქუჩაზეა განთავსებული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უძრავი ქონების ნუსხაში აღრიცხულია 12 შენობა, მათ შორის – სასწავლო კორპუსები, თბილისში კოსტავას ქუჩაზე. ასევე, აღრიცხულია 12 დაწესებულების დამხმარე ფართი თბილისსა და რეგიონებში.

საერთო ჯამში, უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაწესებულების საერთო ფართის ოდენობაა 187547,9 კვ./მ., სასწავლო ფართი – 108678,9 კვ./მ., უნივერსიტეტის საერთო დამხმარე ფართი – 78868,955 კვ./მ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას საკუთრებაში აქვს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე მთავარი სასწავლო კორპუსი და თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე #181-ში მდებარე შენობის მეორე სართული, სადაც ფუნქციონირებს ჯაზის მიმართულება. აგრეთვე, ჩუბინაშვილის #42-ში მდებარე შენობის ერთ-ერთ სართულზე განთავსებულია სამუსიკო სემინარია.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ორი სასწავლო კორპუსი აქვს. მათგან ერთი მდებარეობს თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე #61, მეორე სასწავლო კორპუსი კი იმავე პოლიტკოვსკაიას #26-ში უზურფრუტის წესით სახელმწიფომ გადასცა.

თეატრალური უნივერსიტეტი განთავსებულია ორ კორპუსში: პირველი კორპუსი – რუსთაველის გამზ. N 19-23, მეორე კორპუსი – დავით აღმაშენებლის გამზ. N 40; ორივე შენობა, რეესტრის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაშია.

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ინფორმაცია მოგვაწოდა სულ სამი უძრავი ქონების შესახებ. მათგან ჭავჭავაძის გამზირზე #49-ში და ვაჟა-ფშაველას #76 ბ-ში მდებარე შენობების მესაკუთრე სახელმწიფოა, ნინოშვილის ქუჩის #55-ში მდებარე ფართის მესაკუთრედ კი დავით ჯანგულაშვილია მითითებული.

რომელ სასწავლო კორპუსებს აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

„პუბლიკამ“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა იმ უნივერსიტეტების ნუსხა, რომელთა სასწავლო კორპუსები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებშია განთავსებული.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ასეთი სულ 7 უნივერსიტეტია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I და II კორპუსები (თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I, II და VII (თბილისი, კოსტავას ქუჩა) ასევე ტენიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი (ქეთევან წამებულის ქუჩა #14)

რაც შეეხება რეგიონებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს ბათუმისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტებს.

საუნივერსიტეტო შენობების შესაძლო პრივატიზაცია და მისი გავლენა უნივერსიტეტებზე

განათლების საკითხების მკვლევრებმა, ქეთი ცოტნიაშვილმა და ლელა ჩახაიამ, მოამზადეს დოკუმენტი, რომელშიც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციაა გაანალიზებული.

მათი შეფასებით, თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე საუნივერსიტეტო შენობების შესაძლო გაყიდვის ინიციატივა „საყრდენს გამოაცლის ქალაქის ცენტრში უკვე დამკვიდრებულ აკადემიურ კულტურას.“

როგორც მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო შენობები გამოირჩევა თავიანთი ისტორიული მეხსიერებით, დისციპლინური მახასიათებლებით, არტეფაქტებითა თუ სამეცნიერო ლაბორატორიებით. ამდენად, შენობების გაყიდვა არსებით საფრთხეს ქმნის უმაღლესი განათლების უწყვეტობისა და აკადემიური სივრცის მთლიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან, უნივერსიტეტების განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი ქონების მართვის ავტონომია, რათა სტრატეგიულად შეძლონ რესურსების ეფექტიანად განკარგვა.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების უმოკლეს ვადებში შესრულების პირობებშიც კი არ არის ნათელი, ის სტუდენტები, რომლებიც ახლა ამა თუ იმ უნივერსიტეტებში სწავლობენ, მათი პრივატიზაციის შემთხვევაში სად ისწავლიან.

მკვლევრებისთვის ინიციატივა ბადებს შეკითხვას, თუ მოხდება არსებული კორპუსების პრივატიზაცია, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ახალაშენებულ საუნივერსიტეტო კამპუსში განაწილდება ყველა ამჟამინდელი სტუდენტი?

მათივე ანალიზით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაგეგმილია, სტუდენტთა შეფარდება თბილისსა და დანარჩენ საქართველოს შორის იყოს 60/40. შესაბამისად, სტუდენტთა საერთო რაოდენობა თბილისში უნდა იყოს 95 ათასი, ამჟამად კი თბილისში აქტიურ სტუდენტთა რაოდენობა გაცილებით მეტია. აქედან გამომდინარე, მკვლევართა შეფასებით, გაურკვეველია, ახალი ინფრასტრუქტურა რა რაოდენობის სტუდენტებისთვის დაიგეგმება.

 


რელევანტური