ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვასილ ჩიგოგიძეს, ახალი მოადგილე ჰყავს.
მარიამ გელაშვილმა თეატრში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება ჩაიბარა.
„ბატონ ვასოსგან მივიღე შემოთავაზება, რომ თეატრის პიარის ხელმძღვანელად მივსულიყავი და დამეწყო მუშაობა. მარტში კი დავინიშნე ვასო ჩიგოგიძის მოადგილედ საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში,“ – ამბობს მარიამ გელაშვილი.
დღეს, დილით სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის გენო მორჩილაძის მეუღლე ლანა თოდუა დაინიშნა.
რაც შეეხება მარიამ გელაშვილს ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ბექა ჩხიკვიშვილის მეუღლეა. მარიამ გელაშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ მის დასაქმებაში ბექა ჩხიკვიშვილი არაფერ შუაშია.
_ოზურგეთში სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობ და ასევე წლებია, მაქვს მენეჯერის კუთხით გამოცდილება. ამიტომ მოხდა ბატონ ვასოსგან შემოთავაზება, მომხდარიყო ჩემი დანიშვნა თეატრში და არა იმიტომ, რომ ვარ ბექა ჩხიკვიშვილის მეუღლე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თეატრი არის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში,“ – განგვიმარტა მარიამ გელაშვილმა.
მარიამ გელაშვილი სწავლობდა თბილისის №24 საჯარო სკოლაში. 2006 წელს ჩაირიცხა თბილისში ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, სადაც 2010 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი. შემდეგ ამავე უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა მაგისტრატურაში. არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტის განხრით.
„შრომითი საქმიანობა დავიწყე 2010 წლიდან. სხვადასხვა წლებში ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციებზე. ვიმუშავე ტურისტულ კომპანიაში შიდა ტურების მენეჯერად, რამოდენიმე აუდიტორულ კომპანიაში აუდიტორის თანაშემწედ ,ასევე სხვადასხვა კომპანიაში მაქვს ნამუშევარი გაყიდვების მენეჯერად. ვარ თანადაფუძნებელი ერთ-ერთ კომპანიაში. გავლილი მაქვს სხვადასხვა კურსი, მათ შორის 2020 წელს სასწავლო ცენტრ ბიემსი-ში– ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების კურსი, 2023 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ციფრული მარკეტინგის კურსი. ვფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს. მყავს მეუღლე და სამი შვილი,“ – გვითხრა მარიამ გელაშვილმა.
ამავე თემაზე:
ვინ დაინიშნა ოზურგეთში სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელად
The post ვინ დაინიშნა ვასილ ჩიგოგიძის მოადგილედ appeared first on გურია ნიუსი.