საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ორგანიზებული სამიტის სამუშაო სესიაზე საქართველოს პირველი ლედის გამოსვლის ტექსტში ისეთი ფრაზები ჩაამატა, რომელიც თამარ ბაგრატიონს გამოსვლისას საერთოდ არ უთქვამს.
ადმინისტრაციაში “რადიო თავისუფლებას” უთხრეს, რომ გაავრცელეს წინასწარ მომზადებული სიტყვა და არა უშუალოდ გამოსვლის ტექსტის თარგმანი.
„საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა მის მიერ გამზადებული „სფიჩი“. სამწუხაროდ, სიტყვის წარმოთქმის დროს, მოხდა მცირე ადამიანური ხარვეზი, რამაც გამოიწვია პირველი ლედის „სფიჩიდან“ ერთი წინადადების გამოტოვება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მედიაში მათ შორის გასულიყო სიტყვის ის ნაწილიც, რომელიც ადამიანური ფაქტორის გამო სიტყვის წარმოთქმის დროს გამოტოვებულ იქნა“, – ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
ცნობისთვის, გუშინ, 24 მარტს თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ორგანიზებულ სამიტის („ერთად უკეთესი მომავლისთვის“) სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
მედიისთვის გაგზავნილ პრესრელიზის ტექსტში არის წინადადება – „ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი [თამარ მეფის] სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა“, – რომელიც თამარ ბაგრატიონს ვაშინგტონის სამიტზე გამოსვლისას არ წაუკითხავს.
The post რა ჩაამატა ადმინისტრაციამ თამარ ბაგრატიონის სიტყვაში? appeared first on .