საქართველოში ყოველ მე-2 ადამიანს საფინანსო სექტორის ვალი აქვს, ხოლო ყოველი მეათე მოქალაქე ვადაგადაცილებაშია. ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ბოლო, სტატისტიკური მონაცემები. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
ამავე მონაცემების მიხედვით, კრედიტებზე ვადაგადაცილება მოსახლეობის 10%-ს უფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საფინანსო სექტორის ვალი 1 981 609 მსესხებელს აქვს, აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 373 659 პირს. ეს მაშინ, როდესაც საქსტატის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506-ს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5 484-ით, ხოლო 1 თვის განმავლობაში 308 პირით გაიზარდა.
ამასთან, 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, 108 152 – კომერციული ბანკების კლიენტია, 298 451 პირი – სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი); 4 746 კი – ყველა სხვა ტიპის ორგანიზაციის კრედიტორია, ეს ორგანიზაციებია: სამშენებლო კომპანია, დისტრიბუტორი, სალიზინგო კომპანია და ა.შ.
რაც შეეხება ვადაგადაცილებული თანხის მოცულობას, 30 დღიდან ვადაგადაცილება ფიქსირდება 2.959 მლრდ ლარის კრედიტებზე, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 3.9%-ია. მათ შორის, კომერციული ბანკების დავალიანება – 1.309 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების, როგორიცაა: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი – 1.607 მლრდ ლარს.
ცნობისთვის, „კრედიტინფო საქართველოს“ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 981 609 ადამიანს აქვს, ჯამში, კრედიტების მოცულობა 75 500 081 382 ლარს შეადგენს.
The post საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1.98 მილიონ ადამიანს აქვს – რამდენია “შავ სიაში” appeared first on გურია ნიუსი.