ჯგუფური ძალადობის იმ მრავალეპიზოდიან საქმეზე, რომელიც გიგა ავალიანზე თავდასხმასაც ეხება, ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს ერთი არასრულწლოვანი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შსს-სა და პროკურატურაში დაუდასტურეს.
ეს დაკავება გიგა ავალიანზე თავდასხმის ეპიზოდს პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა უკავშირდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და განხორციელების ბრალდებას, რომლის ერთ-ერთი ნაწილი, ძალადობის სხვა ეპიზოდებთან ერთად, გიგა ავალიანის საქმეცაა.
ჯგუფური ძალადობის საქმის პროკურორმა ქეთი სონიძემ განაცხადა, რომ მოწმე, რომელიც ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს, დიდი დიღმის ძალადობების მონაწილე იყო, მან ვიდეოებში ამოიცნო ბრალდებულები და საკუთარი თავიც კი.
„ამბობდა ერთ-ერთი დამნაშავე ვარო და თავადაც ამხელდა ბრალდებულებს დანაშაულში, სასამართლოზე გადათქვა ჩვენება და ისიც უარყო, რომ ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა. მე სხდომაზევე ჩავურთე მას ვიდეოები და ვკითხე, ვინ ვინ იყო და სასამართლოშიც იცრუა, ამიტომ დავაკავეთ და ბრალის წარდგენას ელოდება“, – უთხრა რადიო თავისუფლებას პროკურორმა ქეთი სონიძემ.
The post ჯგუფური ძალადობის იმ მრავალეპიზოდიან საქმეზე, რომელიც გიგა ავალიანზე თავდასხმასაც ეხება, ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს ერთი არასრულწლოვანი appeared first on გურია ნიუსი.