რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, დარტყმებს მოჰყვა ობიექტების დაზიანება და მოსახლეობის ევაკუაცია.
როგორც რუსულ სოციალურ ქსელებში წერენ ეს ტაგანროგზე, რომელიც დრონების სამიზნე აქამდეც გამხდარა, “ყველაზე მასშტაბური შეტევაა”. აფეთქებები ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტელეგრამზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს დრონების იერიშებისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების ამსახველი კადრები.
მასირებული იერიშების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტაგანროგის მერმაც, სვეტლანა კამბულოვამ. როსტოვის ოლქის გუბერნატორის, იურის სლიუსარის თქმით კი, იერიშების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, არის ნგრევა და დარტყმების მიმდებარე ტერიტორიებიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
“შემთხვევის ადგილზე არის ხანძარი და ნგრევა. ხალხი ევაკუირებულია. მონაცემები ზუსტდება. ტაგანროგში საჰაერო შეტევის მოგერიების სამუშაოები გრძელდება. როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე გამოცხადებულია უპილოტო აპარატების საფრთხე.” – დაწერა სლიუსარმა.
-ტაბულა-
The post ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება appeared first on ODISHINEWS.