
ჩემი სახელითა და გვარით ცდილობენ, გააფუჭონ და დააზიანონ დანარჩენი პოლიტიკური პატიმრებისა და სინდისის პატიმრების აუცილებელი და გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი. არ მინდა რაღაც მოლოდინები შევქმნა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევითი – მალე მოუწევთ ციხის კარის გახსნა და ადამიანების გამოშვება, – ამის შესახებ კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ „არცერთ სიაში“ არ უნდა იყოს ნახსენები მისი სახელი და გვარი.
„მე არ მინდა რაღაც მოლოდინები შევქმნა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევით და არც ბატონი პაპუაშვილის წკმუტუნი ჩემს გვართან დაკავშირებით იმიტომ, რომ მათ მალე მოუწევთ ციხის კარის გახსნა და ადამიანების გამოშვება. მე ვიგრძენი ეს ყველაფერი, ვიგრძენი პასუხისმგებლობა და ვამბობ – სულაც არ მიხარია ციხეში ყოფნა, ვის უნდა უხაროდეს, მაგრამ ჩემთვის საამაყოა, რომ საქართველოს სიყვარულისთვის ვზივარ ციხეში და იმისთვის, რომ თავი არ დავუხარე უსამართლობას. შესაბამისად, მე ვიწევი ამ ყველაფრისგან და ჩემი პრინციპული და კატეგორიული პოზიციაა, რომ არცერთ სიაში არ უნდა იყოს ნახსენები ჩემი სახელი და გვარი.
რა თქმა უნდა, ჩემს წინააღმდეგ ყველაფერი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. რისთვის ვზივარ ციხეში, ოქროს ზოდები მიპოვეს? გადახვეული დოლარები იპოვეს თუ “კარტიეს” საათები? ჯარი გავძარცვე? არა, მე საქართველო მიყვარს და რომ ვუყურებდი, ხალხს როგორ ჩაგრავდნენ, მათ შორის, ამ შენობაში, ამ დარბაზებში და გულმა რომ არ გამიძლო, ამიტომ ვზივარ, მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავი. წამოდით და ნახეთ ჩემს საკანში რეებია – მერაბ კოსტავას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გენერალ კვინიტაძისა და გიორგი ანწუხელიძის ფოტოები მიკიდია. ეგენი არიან, ვის გამოც ვცხოვრობ.
ვგრძნობ, რომ ძალიან მალე გაიღება ციხის კარი და გამოვლენ. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, როცა დავინახავ. ჩემს გვერდითაა ქალთა ციხე. აღფრთოვანებული ვარ, საქართველოს ისტორიას ძალიან მაგარ თავს წერენ მზია ამაღლობელი და დანარჩენი პატიმრები. ელენე ხოშტარიაც, მიუხედავად იმისა, არასდროს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ ძალიან მაგარი გოგო არის, ვაჟკაცი გოგოა. ის ზინოვკინაც ძალიან მაგარია, თამარ ლორთქიფანიძეც. მათ გამოშვებას ძალიან მალე ვნახავ, ძალიან მალე იქნება ეს პროცესი, მაგრამ მე ამ პროცესისგან ვიწევი.
პოლიტიკური ცვლილებების ქარმა დაუბერა და ყველაზე მაგარი ამბავი ეს არის. ყველას მადლობა, ვინც ამ ცვლილებებს ქმნის”, – განაცხადა ელისაშვილმა.