შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, 3 აპრილს, ზუგდიდში დააბრუნებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ზუგდიდის გარდა, პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში ხუთი და ვანში სამი ძაღლი.
„ამავდროულად, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, აგრძელებს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. სააგენტო წინასწარ აქვეყნებს სამოქმედო არეალების კოორდინატებს და დროს: 03.04. იმერეთი, ზესტაფონი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:00 სთ; 03.04. იმერეთი, სამტრედია, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 09:30 სთ; 04.04. კახეთი, ყვარელი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 სთ; 04.04. იმერეთი, ქუთაისი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 სთ; 06.04. იმერეთი ჭიათურა, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 სთ; 06.04. კახეთი, სიღნაღი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 სთ; 07.04. კახეთი, სიღნაღი, წნორის ცენტრი, 11:00 სთ; 07.04. იმერეთი, წყალტუბო, მერიის მიმდებარე ტეროტორია, 11:00 სთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მიმკედლებლებს, ასევე ცხოველების მოყვარულებს, აღნიშნულ ლოკაციებზე მიიყვანონ ცხოველები, სადაც მათ, საჭიროების მიხედვით, ადგილზე ჩაუტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
„ის ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული კასტრაცია/სტერილიზაცია, პასუხისმგებელ პირთან (მიმკედლებელი, ცხოველის მოყვარული) შეთანხმებით, შესაბამისი აქტის შედგენის საფუძველზე, გადაყვანილი იქნებიან თავშესაფარში. შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება-რეაბილიტაციის გავლის შემდეგ ცხოველები აყვანის ლოკაციაზე დაუბრუნდებიან პასუხისმგებელ პირებს, ასევე, შესაბამისი აქტის შედგენით.
მითითებულ ლოკაციაზე თუ ვერ ხერხდება ცხოველების მიყვანა, რანდენიმე მიმკედლებელს შეუძლია, მიმართოს სააგენტოს. ეკიპაჟები მივლენ და უზრუნველყოფენ მანიპულაციების ჩატარებას მათ მიერ მითითებულ ლოკაციაზე“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
The post სურსათის ეროვნული სააგენტო – ქუთაისის თავშესაფარში დარჩენილ 17 ძაღლს ზუგდიდში დღეს დააბრუნებენ appeared first on გურია ნიუსი.