მაისიდან, შესაძლოა, საქართველოში ერთი ტომარა ფქვილი 2 ლარით გაძვირდეს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბარაქას“ დირექტორმა ლადო ბიძინაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მიზეზი პროდუქციის თვითღირებულების ზრდაა, რაც ძირითადად, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტიდან გამომდინარე, ენერგომატარებლების გაძვირებამ გამოიწვია.
როგორც „ბარაქას“ დირექტორი აღნიშნავს, ერთი ტომარა ფქვილის თვითღირებულება დაახლოებით, 50 თეთრით გაზარდა საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებამაც.
საბოლოო ჯამში, ბირჟის ფასები რუსულ ფასებზე ყოველთვის არ ახდენს გავლენას. შესაძლოა, პირიქითაც მოხდე და საერთაშორისო ბირჟაზე ფასი სტაბილური იყოს, ჩვენს რეგიონში კი გაძვირდეს. რთულია ზუსტად იმის თქმა, რაზეა ეს დამოკიდებული, მათი პოლიტიკა უშუალოდ მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვიდან გამომდინარეობს.
ამ ეტაპზე, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთს ხორბლის ჭარბი მარაგები აქვს, მათ შორის, გარდამავალი მარაგებიც. გარკვეულ რაოდენობაზე კვოტირებაც მოხსნეს, შესაბამისად, ახლა ორიენტირებულები არიან, რაც შეიძლება მეტი ხორბალი გაყიდონ. აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში, ჩვენს რეგიონში ფასების მკვეთრი ცვლილება (კლება იქნება ეს, თუ მატება) მოსალოდნელი არ არის.
თუმცა, მაისიდან მაინც ველით გარკვეულ გაძვირებას. გამომდინარე იქედან, რომ პროდუქციის თვითღირებულება მხოლოდ ხორბლის ფასს არ უკავშირდება. რეგიონში არსებული ვითარების გამო გაიზარდა ენერგომატარებლების, მათ შორის, ნავთობპროდუქტების ღირებულება. ასევე, გაძვირდა ფქვილის შესაფუთი ტომრებიც.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ 50-კილოგრამიანი ტომრის თვითღირებულება მხოლოდ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გამო 50 თეთრით გაგვიძვირდა.
თვითღირებულებაში თითოეულ ამ დეტალს თავისი წვლილი შეაქვს, რაც ჯამში, დაახლოებით, 2-ლარიან სხვაობას გვაძლევს. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ მაისიდან ერთი ტომარა ფქვილის ფასი სწორედ 2 ლარის ფარგლებში გაიზრდება“, – აცხადებს ლადო ბიძინაშვილი.
მისივე თქმით, ერთ ტომარა ფქვილზე ფასის 2-ლარიანი ზრდა პურპროდუქტების ღირებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„პურის მიმდინარე ფასი დაახლოებით, 2 თვის წინანდელი მონაცემებით არის დადგენილი, როცა ფქვილი 60 ლარი ღირდა. მას შემდეგ ფასი 51 ლარამდე შემცირდა. ახლა თუ ფქვილი 2 ლარით გაძვირდება, ის მაინც ვერ მიაღწევს ძველ, 60-ლარიან ნიშნულს. კიდევ 7-8-ლარიანი სხვაობა რჩება. აქედან გამომდინარე, ფქვილის ფასის ეს მატება პურის ღირებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს“, – აცხადებს „ბარაქას“ დირექტორი.
შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში დენის სამომხმარებლო ტარიფი 1-ელი აპრილიდან 5 თეთრით გაიზარდა. ამასთანავე, ტარიფები 5-6 თეთრით გაძვირდა მეწარმეებისთვის.
ამას დაემატა ისიც, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, ჰორმუზის სრუტით გადაზიდვების შეფერხების ფონზე, ძვირდება ნედლი ნავთობი, რაც გავლენას ახდენს ქართულ ბაზარზეც. საქართველოში საწვავის ფასის ზრდა 9 მარტიდან დაიწყო და ამ პერიოდიდან დღემდე, დიზელის საწვავი მაქსიმუმ, 94 თეთრით გაძვირდა.
The post ფქვილი შესაძლოა გაძვირდეს- მოახდენს თუ არა გავლენას პურის ფასზე appeared first on გურია ნიუსი.