
პატიმართა რაოდენობა საქართველოში
საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობამ 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ოფიციალური მონაცემებით, წლის განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში ჯამურად 22 767 მსჯავრდებული მოხვდა. ეს არა მხოლოდ 2024 წელთან შედარებით 25.5%-იანი ზრდაა, არამედ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებს აღრიცხავს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე საქართველო ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა პატიმრების რაოდენობით. ყველა ქვეყანას შორის სიაში თურქეთი ლიდერობს 408 პატიმრით 100 000 მოსახლეზე, ხოლო საქართველო მეორე ადგილზეა 236.6 პატიმრით.
● საქართველო რევერსში. როგორ იქცა პოსტსაბჭოთა დემოკრატიზაციის ვიტრინა „ფუნქციურად პრორუსულ“ რეჟიმად
2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში 8-9 ათასი პატიმარი იყო. შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, “ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკამ ციხეები სწრაფად გაავსო: 2007-2008 წლებში პატიმართა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. 2012 წლის შემდეგ, ციხის სკანდალებისა და ხელისუფლების ცვლილების ფონზე, მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა და რამდენიმე წლის განმავლობაში 15-16 ათასის ფარგლებში მერყეობდა.
2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანა ისევ იმ ნიშნულს უბრუნდება, რომელიც ერთი პერიოდი ავტორიტარული მართვის სიმბოლოდაც კი მიიჩნეოდა.
სტატისტიკაში განსაკუთრებით თვალშისაცემია ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობა – 5 322 შემთხვევა. ეს თითქმის იმდენივეა, რამდენიც ქურდობის ყველა შემთხვევა ერთად და ბევრად აღემატება ძალადობრივი დანაშაულების მაჩვენებლებს. მაგალითად, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ჯამური რაოდენობა მხოლოდ 109-ია, გაუპატიურების – 45, ყაჩაღობის – 83.
● Amnesty International-ის 2025 წლის ანგარიში: მზარდი რეპრესიები და შემცირებული სამოქალაქო სივრცე
● საია: 2025 წელი საქართველოში – შეზღუდული თავისუფლებების წელი
სტატისტიკაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია კატეგორია “სხვა დანაშაული“, რომელიც 12 732 შემთხვევას მოიცავს. ეს მთლიანი სტატისტიკის ნახევარზე მეტია. ასეთი ფართო და ბუნდოვანი კლასიფიკაცია რთულს ხდის იმის შეფასებას, რეალურად რა ტიპის დანაშაულები ზრდის პატიმართა რაოდენობას ყველაზე მეტად.
პარალელურად, საქართველო უკვე წლებია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი პატიმრობის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად რჩება მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ სახელმწიფოს პასუხი სოციალურ პრობლემებზე ისევ რეპრესიულია: სიღარიბე, ნარკოდამოკიდებულება, ახალგაზრდული დანაშაული და გზებზე უსაფრთხოების კრიზისი ხშირად სასამართლოსა და ციხის გავლით “გვარდება“, მაშინ როცა პრევენციის, რეაბილიტაციისა და სოციალური პოლიტიკის მექანიზმები სუსტად რჩება.
წლების მიხედვით საქართველოში პატიმართა რაოდენობა შემდეგნაირია:
- 2025 წელი – 22 767 პატიმარი
- 2024 წელი – 16 961 პატიმარი
- 2023 წელი – 18 547 პატიმარი
- 2022 წელი – 18 850 პატიმარი
- 2021 წელი – 15 412 პატიმარი
- 2020 წელი – 12 980 პატიმარი
- 2019 წელი – 16 748 პატიმარი
- 2018 წელი – 15 846 პატიმარი
- 2017 წელი – 14 517 პატიმარი
- 2016 წელი – 15 640 პატიმარი
- 2015 წელი – 15 139 პატიმარი
- 2014 წელი – 16 776 პატიმარი
- 2013 წელი – 15 166 პატიმარი
- 2012 წელი – 10 922 პატიმარი
- 2011 წელი – 18 153 პატიმარი
- 2010 წელი – 19 940 პატიმარი
- 2009 წელი – 18 354 პატიმარი
- 2008 წელი – 20 804 პატიმარი
- 2007 წელი – 21 170 პატიმარი
- 2006 წელი – 16 911 პატიმარი
- 2005 წელი – 9 168 პატიმარი
- 2004 წელი – 9 071 პატიმარი
- 2003 წელი – 8 110 პატიმარი
- 2002 წელი – 8 579 პატიმარი
- 2001 წელი – 8 897 პატიმარი