დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ“ ბრძანებას ხელი მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას შეძლებენ „18 წელს მიღწეული უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ბრძანების ძალაში შესვლის დღისთვის დნესტრისპირეთში მუდმივად ცხოვრობენ“. ბრძანების თანახმად, არაღიარებული დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის შეტანას „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ“ კანონში მითითებული პირველი სამი მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე შეძლებს. კერძოდ, მათთვის განაცხადის შეტანისას რუსეთში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრება, რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი არ იქნება. The post დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →