ოზურგეთში, ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი, თანამედროვე სადგური ამოქმედდა. პროექტი ქვეყანაში მონიტორინგის ქსელის გაფართოების ნაწილია, რაც დაბინძურების წყაროების მაღალი სიზუსტით გამოვლენას ისახავს მიზნად.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის გაძლიერება პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასთან. უწყების განმარტებით, მაღალი სიზუსტის მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდება დაბინძურების ხარისხისა და წყაროების დადგენა კონკრეტული დროისა და ადგილის გათვალისწინებით, რაც ეფექტური რეაგირების წინაპირობას შექმნის.
პროგრამის ფარგლებში საქართველოში სულ 10 მაღალტექნოლოგიური სადგური განთავსდება. სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობს:
ოზურგეთთან ერთად, თანამედროვე სადგურები უკვე მუშაობს რუსთავში, ფოთში, ზესტაფონსა და ზედა საქარაში.
ქსელს კიდევ ხუთი ლოკაცია დაემატება — ბოლნისი, გორი, სიღნაღი, ბორჯომი და ჭიათურა.
ცნობისთვის, 29 მაისს ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და რუსთავის მახლობლად, სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის ეზოში განთავსებული ერთ-ერთი ახალი სადგური პირადად მოინახულეს.
The post ოზურგეთში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი, მაღალტექნოლოგიური სადგური ამოქმედდა appeared first on გურია ნიუსი.