სიახლე

რატომ მცირდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გურიაში და რას მალავენ მუნიციპალიტეტები?

GuriaNews

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ გურიაში საარსებო შემწეობის მიმღებთა და დასაქმების პროგრამაში ჩართულთა რაოდენობა საგრძნობლად მცირდება. ეს ტენდენცია პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ რეფორმასთან, რომელიც სოციალური ბაზების ე.წ. “გაცხრილვას” ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ე.წ. “გაბერილ” რაოდენობასთან დაკავშირებით, თავდაპირველად განცხადება პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს […] The post რატომ მცირდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გურიაში და რას მალავენ მუნიციპალიტეტები? appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ გურიაში საარსებო შემწეობის მიმღებთა და დასაქმების პროგრამაში ჩართულთა რაოდენობა საგრძნობლად მცირდება. ეს ტენდენცია პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ რეფორმასთან, რომელიც სოციალური ბაზების ე.წ. “გაცხრილვას” ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ე.წ. “გაბერილ” რაოდენობასთან დაკავშირებით, თავდაპირველად განცხადება პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ “ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ ეს მაჩვენებელი გადასახედია.”

მოგვიანებით, მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები მართლაც შეცვალა. ახალი დადგენილებით, სისტემაში გაჩნდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რეფორმის მიზანია, ბაზაში მხოლოდ ის ადამიანები დარჩნენ, ვისაც რეალურად ეკუთვნის სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.

რა შეცვალა რეფორმამ გურიაში?

უახლესი სტატისტიკის შედარება მაისის მონაცემებთან აჩვენებს, რომ რეგიონში ასობით ადამიანმა უკვე დაკარგა სტატუსი ან შეუწყდა დასაქმების პროგრამა:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: მაისის მონაცემებით, საარსებო შემწეობას 1 373 ოჯახი (6 058 პირი) იღებდა, ხოლო დასაქმების პროგრამაში 709 ოჯახი იყო ჩართული. სოციალური მომსახურების სააგენტოს 8 ივნისის მონაცემებით კი, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 1 224 ოჯახამდე (5 493 პირამდე), ხოლო დასაქმების პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი 659 ოჯახამდე შემცირდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: მაისში დახმარებას 1 285 ოჯახი (5 009 პირი) იღებდა, დასაქმების პროგრამაში იყო 369 ოჯახი. ივნისის დასაწყისისთვის ეს მაჩვენებელი 1 189 ოჯახსა (4 665 პირი) და პროგრამაში ჩართულ 313 ოჯახამდე ჩამოვიდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: მაისში საარსებო შემწეობაზე 754 ოჯახი (3 233 პირი) ირიცხებოდა, საიდანაც დასაქმების პროგრამით 328 ოჯახი სარგებლობდა. უახლესი სტატისტიკით კი, ჩოხატაურში მიმღებთა რაოდენობა 661 ოჯახს (2 935 პირს) შეადგენს, ხოლო დასაქმების პროგრამაში ჩართული ოჯახების რიცხვი 241-მდე შემცირდა.

ქალაქი ოზურგეთი (თვითმმართველ ერთეულში): მაისში რეგისტრირებული 877 ოჯახიდან (2 689 პირი) ივნისისთვის დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა 707-მდე (2 294 პირამდე) შემცირდა, ხოლო დასაქმების პროგრამაში მონაწილე ოჯახების მაჩვენებელმა 243-დან 228-მდე დაიკლო.

საერთო ჯამში, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობას ამ დროისთვის სულ 3 781 ოჯახი (15 387 პირი) იღებს. მათგან საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 1 441 ოჯახი (6 649 პირი). აღსანიშნავია, რომ ამ პირებს 4 წლის განმავლობაში გარკვეული პირობებით გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი.

ვინაიდან პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა იყო “უზარმაზარი ხარვეზი” და ათასობით ადამიანი მასში ფიქტიურად ირიცხებოდა, “გურია ნიუსმა” 28 მაისს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერიებს მიმართა.

ჩვენ მერებს კონკრეტული კითხვები დავუსვით:

“რამდენი მოქალაქე იყო ჩართული ამ პროგრამაში უშუალოდ მის გაუქმებამდე?

ფიქსირდებოდა თუ არა მათ მუნიციპალიტეტებში ფიქტიური დასაქმების შემთხვევები?

თუკი ადამიანები რეალურად არ მუშაობდნენ, რის საფუძველზე აწერდნენ ხელს ადგილობრივი სამსახურები ყოველთვიური სამუშაოს შესრულების ტაბელებს, რის შემდეგაც ბიუჯეტიდან 300-ლარიანი ანაზღაურება გაიცემოდა?

ვინ ჩაანაცვლებს ამ ადამიანებს სოფლებში საყოფაცხოვრებო თუ დასუფთავების სამუშაოებზე?

რა ბედი ეწევათ ამ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველთვიურ 300-ლარიან შემოსავალს კარგავენ?”

16 ივნისის მდგომარეობით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მერიებს კანონით დადგენილ ვადებში პასუხი საერთოდ არ გაუციათ. პასუხი მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ დაგვიბრუნა, თუმცა უწყებამ პასუხისმგებლობა სრულად აირიდა და სხვა უწყებისკენ გადაგვამისამართა.

“თქვენი განცხადების პასუხად, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-40 მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამას ახორციელებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ აღნიშნულ უწყებას“, _ მოგვწერეს ჩოხატაურის მერიიდან 8 ივნისს.

“გურია ნიუსმა” შესაბამისი კითხვებით განაცხადი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში უკვე გადააგზავნა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. მანამდე კი ღიად რჩება კითხვა: თუკი ადგილობრივ დონეზე ტაბელებს მუნიციპალიტეტის სამსახურები აწერდნენ ხელს, რატომ არ იციან მერებმა, რეალურად მუშაობდნენ თუ არა მათ სოფლებში დასაქმებული ადამიანები?

The post რატომ მცირდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გურიაში და რას მალავენ მუნიციპალიტეტები? appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი