ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის საბოლოო ტექსტში, სამი შესწორება შევიდა.
ასამბლეა მკაცრად გმობს საქართველოში დემოკრატიის განგრძობად რღვევას, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ამჟამად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად შესაბამისი პირობები არ არსებობს.
რეზოლუციის მთავარი პუნქტები და მოთხოვნები:
ერთპარტიული დიქტატურის საფრთხე: ასამბლეა მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას და აცხადებს, რომ ეს კურსი საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს. PACE ხელისუფლებას სარჩელის სასწრაფოდ უკან გაწვევას სთხოვს.
პოლიტიკური დევნა: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენები აშკარად გამოგონილ ბრალდებებს ეფუძნება.
აკრძალული ქიმიური საშუალებები: ასამბლეა იზიარებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) შეშფოთებას და ითხოვს დაუყოვნებლივ გამოიძიონ ცნობები თბილისში აქციების დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ.
რეპრესიული კანონების გაუქმება: PACE მოითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (აგენტების) კანონის, გრანტების შესახებ კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სადავო ცვლილებების გაუქმებას.
აფგან სადიგოვის დეპორტაცია: ასამბლეა გმობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან დაჩქარებულ დეპორტაციას, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი აკრძალვის მიუხედავად განხორციელდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, განიხილონ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელების შეტანა, რათა იძულებულები გახდნენ, შეასრულონ წევრობით ნაკისრი ვალდებულებები.
The post PACE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო: ოპოზიციის აკრძალვა ქვეყანაში ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს appeared first on გურია ნიუსი.