სიახლე

ორბანის მარცხი და საქართველო: რას კარგავს „ქართული ოცნება“ უნგრეთში

ჯემნიუსი

უნგრეთის არჩევნებს საქართველოში განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ

პირველწყარო →

უნგრეთის არჩევნები და საქართველო

უნგრეთის არჩევნები და საქართველო

უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებმა ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, პეტერ მადიარის პარტიამ, “ტისამ” 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატი მოიპოვა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობაა.

ორბანმა მარცხი აღიარა. ეს შედეგი მხოლოდ უნგრეთის შიდა პოლიტიკური ცვლილება არ არის – ევროპაში ეს აღიქმება როგორც ილიბერალური მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მოდელის მარცხი. საერთაშორისო მედიამ ეს შედეგი არა უბრალოდ ხელისუფლების შეცვლად, არამედ ევროპული პოლიტიკური ბალანსის ცვლილებად შეაფასა: ორბანი წლების განმავლობაში ევროკავშირის შიგნით ბლოკავდა რიგ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით უკრაინასთან და რუსეთის სანქციებან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, არის მოლოდინი, რომ ბუდაპეშტში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ევროკავშირის პოლიტიკა უფრო თამამი და გახსნილი გახდება.

უნგრეთის არჩევნებს საქართველოში განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ, თუმცა განსხვავებული მოლოდინით. ხელისუფლების მხარდამჭერი ნაწილისთვის ვიქტორ ორბანი „ქართული ოცნების“ ყველაზე საიმედო ევროპელი მოკავშირე იყო, ამიტომ მისი შესაძლო მარცხი ნიშნავდა იმას, რომ ოცნება ევროპაში თითქმის ერთადერთ პოლიტიკურ მეგობარს დაკარგავდა.

საზოგადოების პროევროპული ნაწილისთვის უნგრეთის არჩევნებს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბევრმა მასში საკუთარი ქვეყნის სურათი დაინახა: საქართველოც ხანგრძლივი და ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებული მმართველობის პირობებში ცხოვრობს. ამიტომ ორბანის მარცხმა აქ მხოლოდ ინტერესი კი არ გამოიწვია, არამედ იმედიც: თუ ცვლილება შესაძლებელი გახდა უნგრეთში, შეუძლებელი არც საქართველოშია.

რა რეაქციები მოჰყვა ორბანის მარცხს საქართველოში

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარის გამარჯვებას საქართველოში სწრაფი პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა. განცხადებები გააკეთეს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადიარს გამარჯვება მიულოცა და ამავე დროს ვიქტორ ორბანს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, „ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით“ ულოცავს პეტერ მადიარსა და მის პარტიას გამარჯვებას, ხოლო ვიქტორ ორბანს და მის გუნდს უხდის მადლობას „წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის“. კობახიძის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს „მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია“ აკავშირებს, რომელიც „აუცილებლად გაგრძელდება“.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პეტერ მადიარს მილოცვა პლატფორმა X-ზე გამოუქვეყნა. მისი სიტყვებით, „გილოცავთ ყველა ქართველის სახელით, ვინც უნგრეთში დემოკრატიის გამარჯვებაზე ლოცულობდა“. ზურაბიშვილმა ასევე დაწერა, რომ „ჩვენ გვჯერა უფრო ძლიერი ევროპის, რომელიც არ დანებდება რუსეთის ჰიბრიდულ ან პირდაპირ აგრესიას“.

უნგრეთის არჩევნებს გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ორბანის სახით „მამა გარდაეცვალათ“. სააკაშვილი წერს, რომ „ივანიშვილს ყველა უმსგავსობა სწორედ ორბანმა ასწავლა“, მათ შორის „ზიზღის პლაკატები“, „კაცი-კაცია და ქალი-ქალია“, „აღვირახსნილი კორუფცია“, „ანტიევროპული რიტორიკა“, „შავი პიარის კონსულტანტები ისრაელიდან“ და „ომით დაშინება“. მისივე თქმით, „გუშინ, ყველაფერმა ამან არ უშველა და მან კრახი განიცადა უნგრეთში“. სააკაშვილი ასევე წერს, რომ უნგრეთსა და საქართველოს შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ „უნგრეთში საარჩევნო დღეს გაყალბებები არ ხდება და იქ არ არიან პოლიტპატიმრები“, თუმცა საბოლოოდ „ბოლო მაინც ერთი ექნებათ“. მისი განცხადებით, ეს შედეგი ისტორიული გამარჯვებაა „უნგრელებისთვის, უკრაინელებისთვის და ქართველებისთვის“.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ორბანის მარცხი საქართველოს კონტექსტში შეაფასა და განაცხადა, რომ „მოხდა ის, რასაც დიდი ხანი ვპროგნოზირებდით – ივანიშვილმა დაკარგა მისი ერთადერთი მოკავშირე ევროპაში“. მისი თქმით, ეს არის „უდიდესი შანსი“ იმისთვის, რომ „საერთაშორისო ასპარეზზე ტოტალურად იზოლაციაში მოქცეული“ ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო დასუსტდეს. ბოკუჩავამ ასევე თქვა, რომ ორბანის დამარცხება მნიშვნელოვანია „ტრანსატლანტიკური დინამიკისთვის, ევროპული პოლიტიკისთვის, ევროპა-რუსეთის ურთიერთობისთვის და ცხადია, უკრაინისთვის“, თუმცა მისივე თქმით, საქართველოსთვის მთავარი ის არის, რას ნიშნავს ეს ცვლილება უშუალოდ ქართული ხელისუფლებისთვის.

პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ უნგრეთის არჩევნების შედეგი „უნგრეთის ევროპაში დაბრუნებად“ შეაფასა. მისი განცხადებით, „უნგრელმა ერმა არჩევნებში ტრიუმფალურად დაასრულა რეჟიმი“, ხოლო „უნგრელი ერის დაბრუნება ევროპაში არის მოსკოვის პირდაპირი მარცხი“. იმავე განცხადებაში გეგელიამ დასძინა, რომ „დომინოს პრინციპით“ მსგავსი პროცესები შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც განვითარდეს, „მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში“.

არჩევნების შედეგებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა მოძრაობა „სოციალ-დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდეც. მან ყურადღება გაამახვილა უნგრეთის საარჩევნო სისტემაზე და აღნიშნა, რომ სისტემა, რომელიც ორბანმა საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად ააწყო, საბოლოოდ მის წინააღმდეგ შემოტრიალდა. მენაბდე წერს: „თავის დროზე ორბანმა ეს საარჩევნო სისტემა საკუთარი ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ გუშინდელ არჩევნებში საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა“. მისივე შეფასებით, „ავტორიტარული რეჟიმები თამაშობენ ერთადერთ თამაშს: ‘გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი’, მაგრამ ამ თამაშს მეორე მხარეც ჰყავს – წაგებული. ‘წაგებული კი აგებს ყველაფერს’“.

პეტერ მადიარს გამარჯვება ასევე მიულოცეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ოპოზიციურმა პარტიამ „ფედერალისტები“.

რატომ იყო ორბანი ასეთი მნიშვნელოვანი „ქართული ოცნებისთვის“

ვიქტორ ორბანი „ქართული ოცნებისთვის“ ჩვეულებრივი პარტნიორი არასოდეს ყოფილა. მაშინ, როცა თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა, სწორედ უნგრეთის პრემიერი იყო ის ევროპელი ლიდერი, რომელიც არა მხოლოდ სიმბოლურ მხარდაჭერას გამოხატავდა, არამედ ამას ხმამაღლა და დემონსტრაციულად აკეთებდა.

ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა 2024 წლის ოქტომბერში. საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორბანი პირველი ევროპელი ლიდერი იყო, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა, თანაც ოფიციალური შედეგების სრულ გამოქვეყნებამდე. ორ დღეში ის თბილისში ჩამოვიდა და განაცხადა, რომ არჩევნები „თავისუფალი და დემოკრატიული“ იყო, მაშინ როცა დასავლელი პარტნიორები დარღვევების გამოძიებას ითხოვდნენ.

ორბანი თბილისისთვის იყო არა მხოლოდ მოკავშირე, არამედ ევროპული ლეგიტიმაციის ალტერნატიული წყარო მაშინ, როცა ბრიუსელი უკვე ღიად კრიტიკულ რეჟიმში იყო გადასული.

კავშირი მხოლოდ პოლიტიკური ტაქტიკის დონეზე არ მთავრდებოდა. იგი იდეოლოგიურიც იყო. კობახიძემ 2024 წლის CPAC Hungary-ზე თქვა, რომ უნგრეთი და პირადად ვიქტორ ორბანი „მისაბაძი მაგალითია ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს“.

თავად ორბანმა კობახიძე „ჭადრაკის დიდოსტატად“ მოიხსენია და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება მის მთავარ პოლიტიკურ ნიჭად წარმოაჩინა. ეს უკვე ჩვეულებრივი დიპლომატიური თავაზიანობა აღარ იყო. ეს იყო ურთიერთგაძლიერების საჯარო რიტორიკა, სადაც ორივე მხარე ერთმანეთს ერთსა და იმავე იდეოლოგიურ ბანაკში ათავსებდა.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

უნგრეთის არჩევნების შედეგებს პოლიტოლოგი გია ნოდიაც გამოეხმაურა და რამდენიმე მნიშვნელოვან აქცენტზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ვიქტორ ორბანის მარცხი „ცალსახად კარგი, მისალოცი ამბავია“ ლიბერალებისთვის.

ნოდია წერს, რომ ქართველი პატრიოტი ლიბერალების თვალით ამ შედეგს ორი პირდაპირი მნიშვნელობა აქვს: „კარგია უკრაინისთვის და ცუდია ივანიშვილისთვის“, თუმცა იქვე აზუსტებს, რომ ეს თავისთავად საკმარისი არ არის არც უკრაინის გამარჯვებისთვის და არც ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის.

მისივე შეფასებით, დონალდ ტრამპის საჯარო მხარდაჭერა ორბანისთვის მხოლოდ „ნორმატიულად ცუდი“ კი არა, „სისულელეც“ იყო. ნოდია წერს, რომ ტრამპმა ორბანს რეალური დახმარება ვერ გაუწია და საბოლოოდ „ღიად გვედრში დაუდგა ‘ლუზერს’“, რაც, მისი აზრით, თავად ტრამპის სისუსტეზეც მეტყველებს.

გია ნოდია ასევე მიუთითებს, რომ ამ შედეგმა კიდევ ერთხელ აჩვენა ორბანის, ტრამპის, პუტინისა და ივანიშვილის ერთმანეთთან შედარების ზედაპირულობა. მისი თქმით, მათ შორის გარკვეული მსგავსებები და პოლიტიკური სოლიდარობა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ერთნაირ სისტემებში მოქმედებენ. ნოდია აღნიშნავს, რომ ორბანმა უნგრეთის დემოკრატიას „კონკრეტულ სფეროებში ზიანი მიაყენა“, თუმცა „დემოკრატიის ფუნდამენტი მას არ (ვერ) გაუნადგურებია“.

ამ კონტექსტში ის ამერიკის მაგალითსაც ახსენებს და ამბობს, რომ ტრამპის ფენომენი აშშ-ის დემოკრატიის კრიზისის ნიშანია, თუმცა ტრამპსაც დემოკრატიის ფუნდამენტი არსებითად არ დაუზიანებია. საქართველოს შემთხვევაში კი, ნოდიას შეფასებით, პრობლემა უფრო ღრმაა, რადგან „დემოკრატიის ფუნდამენტი არასოდეს გვქონია“, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცალკეული გამოვლინებები არსებობდა.

ბოლოს გია ნოდია წერს, რომ უნგრეთის არჩევნებიდან გამოსატანი ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი „პოლიტიკური რომანტიზმის და ნორმატიული რადიკალიზმის უარყოფაა“.

მისი თქმით, ორბანი დაამარცხა მისივე პარტიის ყოფილმა წევრმა, რომელსაც წილი აქვს წარსულ პოლიტიკურ სისტემაშიც, მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ის ორბანის პოლიტიკას გააგრძელებს. ნოდიას შეფასებით, პოლიტიკაში „უმწიკვლო წარსულის“ ძიება ხშირად „წაგების ფორმულაა“, ხოლო მთავარი კითხვა არის ის, თუ „რა არის უკეთესი რეალისტური არჩევანი ყოველ მოცემულ მომენტში“.

უნგრეთის არჩევნები და საქართველო


მსგავსი