“ჯანსაღი ხეების მოჭრას ადგილი არ ჰქონია“,_ ასე პასუხობენ ოზურგეთის მერიაში სოფელ ლიხაურში ხეების მოჭრის ფაქტს.
სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე ფიქრობს, რომ ა(ა)იპ მომსახურების ცენტრის გამწვანების განყოფილების თანამშრომლებმა დაუზიანებელი ხეები მოჭრეს.
ცნობისთვის, ა(ა)იპ მომსახურების ცენტრის გამწვანების განყოფილების თანამშრომლების მიერ სანიტარული ჭრის ფარგლებში, ოზურგეთი-ჭანიეთის დამაკავშირებელ გზაზე მოიჭრა დაზიანებული ხე-მცენარეები, _ ეს ინფორმაცია ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრმა ფეისბუქგვერდზე 4 მაისს გაავრცელა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას გააკეთა განმარტება:
„ლიხაურის ტერიტორიაზე მოჭრილი ხეების ფესვთა სისტემა დაზიანებული იყო. ასევე, იმ მონაკვეთში, სადაც დაზიანებული ხეები მოიჭრა, გადის ბუნებრივი აირის მილი, რის გამოც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჯანსაღი ხეების მოჭრას ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოჭრა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და არსებობს შესაბამისი აუცილებლობა და ნებართვა.“ – ასეთია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში მიღებული კომენტარი.
The post მოჭრეს თუ არა დაუზიანებელი ხეები ოზურგეთში? – რას გვპასუხობენ მერიაში appeared first on გურია ნიუსი.