საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, იაკობ კაცაძე, ქრთამის აღების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა პირებისთვის შსს-ს საინფორმაციო ბაზებში უკანონო გადამოწმებისა და ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ ფულს იღებდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, გენერალურმა ინსპექციამ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, კარლო ურუშაძე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ იგი დაქვემდებარებულ თანამშრომელს ყალბი მონაცემების შეტანას ავალებდა, რის შედეგადაც გარკვეულ პირებს დაუმსახურებლად ერიცხებოდათ ფულადი დანამატები, რაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების დარღვევას იწვევდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი-სა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის მიხედვით, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.