
V-Dem Institute-ის დემოკრატიის უახლეს ანგარიშში, რომელშიც გაანალიზებულია დემოკრატიის მდგომარეობა მსოფლიოში 2025 წელს, ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატია ჩამოიშალა და ავტოკრატია ხდება.
გიოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის ბაზაზე დაფუძნებული (Varieties of Democracy) V-Dem Institute ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შეფასება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოება გლობალურად განიცდის ძლიერ ზეწოლას და მაგალითად საქართველო, რუსეთი და მალია მოყვანილი.
ანგარიშში წერია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ რეპრესიები მძიმდება 39 ქვეყანაში, ხოლო 37 ქვეყანაში მთავრობები სულ უფრო მეტად აკონტროლებენ ამ ორგანიზაციების საქმიანობის დაწყებასა და შეწყვეტას.
„მაგალითად, საქართველოში, მალისა და რუსეთში (მხოლოდ რამდენიმე რომ დავასახელოთ), მთავრობები ახლა სულ უფრო მეტ შემზღუდველ კანონებს იღებენ, რათა ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობა შეზღუდონ, აკონტროლონ ან მათი კრიმინალიზება მოახდინონ“, – ნათქვამია ანგარიშში.
V-Dem Institute ხაზს უსვამს, რომ თავდასხმები სამოქალაქო ორგანიზაციებზე გახშირდა წინა წელთან (2024-თან) შედარებით.
„ვითარება არსებითად გაუარსდა ყველა ავტოკრატიული ქვეყნის ორ მესამედში, მაგალითად, ბელარუსში, ელ სალვადორში, საქართველოში, გვინეასა და მექსიკაში“, – წერს V-Dem Institute.
ანგარიშისვე თანახმად, აღმოსავლეთ ევროპაში მხოლოდ ორი ქვეყანა გადის დემოკრატიზაციის პროცესს: მონტენეგრო და პოლონეთი, რაც რეგიონის 8%-ია.
დოკუმენტში წერია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ჭარბობს ქვეყნები, რომლებიც ავტოკრატიულები ხდებიან – ასეთია თერთმეტი ქვეყანა. გასულ წელს ასეთი ქვეყნების რაოდენობა 8 იყო.
„ავტოკრატიზაციის მესამე ტალღა“ ახლა უკვე ევროკავშირსაც ეხება, რადგან მასში ჩართულნი არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მისი უშუალო მეზობლები. აღმოსავლეთ ევროპაში ავტოკრატიზებად ევროკავშირის წევრებს შორის ვხვდებით ხორვატიას, უნგრეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას, ხოლო მეზობლებს შორის არიან სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, სერბეთი და უკრაინა“, – წერს V-Dem Institute.
ანგარიშში ნათვამია, რომ როცა დემოკრატია ავტოკრატიის გზაზე დგება, მისი ჩამოშლის ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე გადარჩენის.
„იმ 44 ქვეყნიდან, რომელიც ამჟამად ავტოკრატიის გზაზე დგას, 28 ამ პროცესის დაწყებისას დემოკრატია იყო. 28-დან 15-ში დემოკრატია უკვე ჩამოიშალა, მაგალითად, როგორც ეს მოხდა საქართველოსა და მექსიკაში. დანარჩენი 13-დან ავტოკრატიზაცია მხოლოდ ახლახან დაიწყო და ისინი ამ პროცესის საწყის ეტაპზე არიან“, – წერია ანგარიშში.
ანგარიშში წელსაც, გასულ წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მსგავსად, ნათქვამია, რომ საქართველო საარჩევნო/ელექტორალური ავტოკრატიაა.
„იმ ტოპ 10 ქვეყანას შორის, რომლებიც დემოკრატიის ხარისხის ვარდნას განიცდიან, დემოკრატიად რჩება მხოლოდ 2 ქვეყანა: სომხეთი და რუმინეთი. საქართველო ელექტორალური ავტოკრატიაა. დანარჩენი შვიდი შემთხვევა ან ელექტორალურია, ან დახურული ავტოკრატია.
საქართველოს დემოკრატიზაციის პერიოდი, როცა ხდებოდა სასამართლო დამოუკიდებლობის, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების გაუმჯობესება, 2016 წლამდე გაგრძელდა. უკუსვლა თანდათანობითი იყო 2024 წლის საარჩევნო პროცესამდე, რომელსაც თან ახლდა ბრალდებები, დარღვევები და მედიისა და ოპოზიციის გაჩუმების მცდელობები. რამდენიმე დამკვირვებელმა 2024 წლის არჩევნებს „გაყალბებული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მასზე რუსული გავლენა გავრცელდა. 2024 წლის არჩევნების შედეგები კვლავ სადავოა. ღრმა პოლიტიკური კრიზისი ვლინდება დაპირისპირებაში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ (პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით) და ოპოზიციას შორის, რომელსაც მხარს უჭერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დემოკრატიის მაჩვენებლები 2023–2025 წლებში მკვეთრად დაეცა, რამაც საქართველო ელექტორალურ ავტოკრატიად აქცია“.
ანგარიშში ასევე საუბარია გამოხატვის თავისუფლების სხვა ინდიკატორებზე, მათ შორის, აკადემიური და კულტურული გამოხატვის თავისუფლებაზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ჟურნალისტების შევიწროება იზრდება 23 ქვეყანაში. ხოლო ისეთი ქვეყნები, სადაც როგორც ჟურნალისტების შევიწროება ხდება, ისე – უარესდება დისკუსიის თავისუფლება, არიან: ბურკინა-ფასო, საქართველო, ფილიპინები და ტოგო.
ანგარიშში აწერია, რომ საქართველოში, ისევე, როგორც გვინეა-ბისაუში, უნგრეთში, ინდონეზიასა და რუმინეთში ხდება თავდასხმები საარჩევნო კომისიაზე.
ხარისხი იმისა, თუ რამდენად იძიებს საკანონმდებლო ორგანო პრაქტიკაში მთავრობის უკანონო ქმედებებს, სუსტდება 20 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, საბერძნეთში, ჰაიტიში, ინდოეთსა და მალიში.