დღეიდან, 2026 წლის პირველი აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქებისა და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის პირველი იანვრიდან უკვე აკრძალულია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან ასევე ძალაში შედის პლასტმასის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი რეგულაცია. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებულ უწყებებს ეკრძალებათ პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და სამ ლიტრამდე მოცულობის პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება. შეზღუდვა არ ვრცელდება პლასტმასის სამ ლიტრამდე ბოთლებით სასმლის იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც ხორციელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.
აღნიშნული რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო განმეორებითი დარღვევა – 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმასა და პროდუქციის კონფისკაციას.
The post დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა appeared first on .